ჰიდროელექტროსადგური - „ენგურჰესი“ სარეაბილიტაციო - სარემონტო სამუშაოების მიზნით გაჩერდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დეტალური ინფორმაცია აღნიშნული მასშტაბური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის სახელმწიფო უწყებებისა და ენგურჰესის სარეაბილიტაციო - სარემონტო პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან განიხილა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა „ენგურჰესის“ მნიშვნელობას საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის.
უწყების ცნობით, საქართველოს უმსხვილეს ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ამოქმედდა, კომპლექსური სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლოს 15 წლის წინ განხორციელდა.
მინისტრის განცხადებით, სადგურის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გახდა მისი დროებითი გაჩერება. ამისთვის ოპტიმალური პერიოდი შეირჩა, როდესაც „ენგურჰესში“ წყლის რესურსი მინიმალურია - ამავე დროს, პროექტი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით განხორციელდება, რათა სადგური ექსპლუატაციაში 2021 წლის 1-ელი მაისს გაეშვას.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სარემონტო - სარეაბილიტაციო პროექტში გამარჯვებული გერმანული, ქართული და თურქული კომპანიების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს დეტალური ინფორმაცია უკვე განხორციელებული მოსამზადებელი და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მლნ ევროა, საიდანაც 7 მლნ ევრო ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ ევრო კი - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი.
აღინიშნა, რომ პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სადერივაციო გვირაბის რემონტია. სწორედ მისი მეშვეობით მიეწოდება აგრეგატებს წყალსაცავიდან წყალი. შესაბამისად, გვირაბის დასაცლელად და სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად ჰიდროელექტროსადგურის სრულად გაჩერებაა საჭირო. სადერივაციო გვირაბის რემონტი ავარიული მონაკვეთების შესაკეთებლად და გაჟონილი წყლის მოცულობის შესამცირებლად არის აუცილებელი. სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წელიწადში დამატებით 100-120 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება იქნება შესაძლებელი.
შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, ენგურჰესზე სარემონტო - სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა შეზღუდულ ვადებში მოხდეს სამუშაოების შესრულება და ენგურჰესის დროული ამუშავება.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, სს „სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალური დირექტორი ზაზა დვალიშვილი, შპს „ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია და სხვა ოფიციალური პირები.