საქართველო ამერიკის არაჩვეულებრივი პარტნიორია და ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს ეს პარტნიორობა შემდეგ საფეხურზე გადავიყვანოთ. ეს ფაქტობრივად ნიშნავს ამერიკა-საქართველოს ბიზნეს გეგმის შედგენას, - ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ეკონომიკური განვითარების, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კით კრაჩმა განაცხადა.
კით კრაჩი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეხუთე თაობის ინტერნეტის, იგივე 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ გაფორმებულ მემორანდუმს აფასებს და აცხადებს, რომ „განვითარების დაფინანსების კორპორაციის“ (DFC) ფარგლებში, შეერთებულ შტატებს დაფინანსების გამოყოფის შესაძლებლობებიც აქვს. როგორც კრაჩი ამბობს, საქართველოში DFC-ის ოფისის გახსნაც განიხილება.
„ეს ნამდვილად უგზავნის სიგნალს ამერიკის კერძო სექტორს და ასევე იმ ქვეყნების კერძო კომპანიებს, რომლებიც “სუფთა ქსელში” შედიან. როცა ეს კომპანიები საკუთარ ქსელებს აფართოებენ და როცა ისინი ახალ ქვეყნებში შედიან, მათ სურთ ჰქონდეთ სანდოობის მაღალი ხარისხი. 5G ტექნოლოგია არაკეთილსინდისიერად განწყობილ მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, ადვილად მოიპარონ, მაგალითად, ინტელექტუალური საკუთრება. ამის გამო, ბევრი კომპანია, მათ შორის ისინიც, რომლებიც ჩამოვთვალე, თავს იკავებს ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობისგან, სადაც მეხუთე თაობის ინტერნეტს არ ენდობიან.
ასე რომ, ეს ძალიან დადებით სიგნალს გზავნის. ამასთან, გვაქვს დაფინანსების შესაძლებლობაც ჩვენი “განვითარების დაფინანსების კორპორაციის” ფარგლებში. ჩვენ "დი-ეფ-სის" ოფისის საქართველოში გახსნას განვიხილავთ. მე კორპორაციის თავმჯდომარეც ვარ. ეს დამატებით კიდევ ერთ ძლიერი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის. როცა "დი-ეფ-სი" ქვეყანაში შედის და კერძო სექტორთან ერთად ინვესტიციებს დებს იქ, ეს სხვა კომპანიებსაც წაახალისებს. გვსურს საქართველოში მოვნახოთ პროექტები, რომლებზე მუშაობაც შეგვეძლება. საქართველო ჩვენი არაჩვეულებრივი პარტნიორი და არაჩვეულებრივი მეგობარია და ჩვენ ამ პარტნიორობის შემდეგ ეტაპზე გადაყვანა გვსურს. ეს კი ამისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. არაჩვეულებრივი იქნება. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ პროცესი დაწყებულია“, - აღნიშნა კრაჩმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.
ამასთან, მისი თქმით, “სუფთა ქსელი" საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
"საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ რამდენიმე თვის წინ მითხრა, რომ ალიანსს სუფთა 5G ნატოს ქსელი სჭირდება. არ შეიძლება ნატოს ზოგიერთ წევრს სანდო 5G აღჭურვილობა ჰქონდეს და ზოგიერთს არასანდო. სანდო სამოქალაქო ქსელი ალიანსს მშვიდობის დროსაც სჭირდება და ომის დროსაც. ევროკავშირიც ასე ფიქრობს. ამის გამო, რეგიონული გადმოსახედიდან, ეს საქართველოსთვის უკიდურესად სტრატეგიული ნაბიჯია.
ახლა დროა ჩვენი გუნდები შეიკრიბონ. ჩვენ გვინდა საქართველოსთან ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გავაფართოვოთ. ამისთვის, მე ყოველთვის ეკონომიკური წინსვლის პარტნიორობის ჩამოყალიბების რეკომენდაციას ვიძლევი. ეს უნდა იყოს მრავალსექტორული მიმართულების მქონე პარტნიორობა, რომელშიც არა მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა შევა, არამედ ის კერძო სექტორსაც ჩართავს. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს ამერიკა-საქართველოს ბიზნეს გეგმის შედგენას. ამის შემდეგ კი დავსხდებით და გადავწყვეტთ, ვინ და როგორ უნდა შეასრულოს ეს გეგმა. წარსულში ჩვენი გამოცდილება ასეთი იყო, რომ ქვეყნებს რეფორმების განხორციელებაში ვეხმარებოდით, იქნება ეს სასამართლო სისტემაში თუ სხვაგან. ეს ერთგვარი ჯაჭვური რეაქციაა და “სუფთა ქსელი“ ამ რეაქციის ერთ-ერთ კატალიზატორია.", - აღნიშნა კრაჩმა.
ცნობისთვის, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეხუთე თაობის ინტერნეტის, იგივე 5G-ის, უსაფრთხოების შესახებ, 14 იანვარს ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.