ხომალდს, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე მუშაობდა, ამერიკა სანქციებს უწესებს

აშშ-ის ხელისუფლება გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე მუშაობისთვის ხომალდს „ფორტუნა“ და მის მფლობელ კომპანიას სანქციებს დაუწესებს. აღნიშნული ხომალდით ბალტიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის მილების განთავსება ხდებოდა. ამის შესახებ გაზეთი Handelsblatt წერს.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ამერიკელებმა უკვე აცნობეს გერმანიის ხელისუფლებას და სხვა ევროპელ პარტნიორებს. როგორც გამოცემა წერს, ამ შემთხვევაში შტატები კი არ იმუქრება სანქციებით, არამედ მას ნამდვილად აწესებს.

აშშ-ისთვის ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა კანონი CAATSA, რომელშიც ამერიკელებს შეყვანილი ჰყავთ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ და „თურქული ნაკადი“. დოკუმენტი 2017 წელს მიიღეს და ის ითვალისწინებს ამერიკის ხელისუფლების მხრიდან შემზღუდავი ზომების მიღებას იმ სახელმწიფოებისადმი, რომლებიც რუსეთთან აფორმებენ მსხვილ კონტრაქტებს იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის შეძენაზე. „ამ სანქციების მიზეზია აგებინონ რუსეთს პასუხი მისი ბოროტი განზრახვებისთვის“ - აცხადებდნენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

Handelsblatt წერს, რომ ამ დრომდე უცნობია როგორი იქნება „ფორტუნას“ წინააღდმეგ შემოღებული სანქციები. გაზეთის წყაროს ცნობით, რუსულმა მხარემ ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ მის მიერ გადებული გაზსადენის მილები სანქციების ქვეშ არ მოხვედრილიყო.

ცნობისათვის, 2020 წლის დეკემბერში, ხომალდ „ფორტუნას“ მფლობელი გახდა რუსული კომპანია "КВТ-Рус". მანამდე კი მას ფლობდა "Универсальная транспортная группа", რომელმაც თავის მხრივ ხომალდი ჰონგ-კონგური კომპანია Strategic Mileage-ისგან 2020 წლის ოქტომბერში შეიძინა.

კოკა კვირკველია