მეორადი ტანსაცმლის ონლაინ-მაღაზიის Poshmark-ის ღირებულებამ 7,1 მლრდ დოლარი შეადგინა

მეორადი ტანსაცმლით მოვაჭრე კომპანია Poshmark-ის საბაზრო ღირებულებამ მის საფონდო ბირჟაზე გასვლის პირველივე დღეს 5,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც BBC წერს, აღნიშნულის მიზეზია მეორად იაფ ტანსაცმელზე მზარდი მოთხოვნა და ამ ბაზრის ზრდის დიდი პოტენციალი. აღსანიშნავია, რომ Poshmark-ის აქციების საცალო ღირებულება საპროგნოზო 42 დოლარის ნაცვლად 97,60 დოლარად ივაჭრებოდა, რამაც მისი ჯამური კაპიტალიზაცია 7,1 მილიარდამდე გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ Poshmark-ის გაყიდვები პანდემიის მიუხედავად მაინც გაიზარდა. კომპანიის ინფორმაციით, მათ ვებ-გვერდს გასულ წელს 30 მილიონი ადამიანი ეწვია, ხოლო მინიმუმ ერთი შენაძენი განახორციელა 6-მა მილიონმა. ბოლო 12 თვეში მისმა მოგებამ 6,2 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო შემოსავლებმა 250 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

კომპანია Poshmark-ი 2011 წელს კალიფორნიაში დაფუძნდა.

კოკა კვირკველია