De Beers-ის ალმასების ფასი 10-წლიან მაქსიმუმზეა

მსოფლიოში ალმასების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიამ - De Beers საკუთარი პროდუქცია ბოლო 10 წელიწადში ყველაზე მეტით გააძვირა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

სააგენტოს ცნობით, კომპანიამ წელს გამართულ პირველ სავაჭრო სესიაზე, დაუმუშავებელ ალმასებზე ფასი 5%-ით გააძვირა, ფასის ზრდა პირველ რიგში შეეხო ქვებს, რომელთა ზომა 1 კარატზე მეტია.

აღნიშნული ნაბიჯი განპირობებულია მსოფლიო ბაზარზე მოსალოდნელზე მეტად გაზრდილი მოთხოვნით ალმასებზე, აღნიშნავს სააგენტო. მათი ინფორმაციით, პანდემიისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მაღაროების დახურვის გამო De Beers-ის მიერ ალმასების მოპოვება მნიშვნელოვნად შემცირდა. ამან კი თავის მხრივ აშშ-სა და ჩინეთში დეფიციტი და შესაბამისად, ფასის ზრდა გამოიწვია.

როგორც ცნობილია, De Beers-ის მიერ ალმასის გაყიდვები 2013 წლიდან წელიწადში ათჯერ მაინც იმართება ქალაქ გაბორონეში, რომელზეც იწვევენ ბითუმად შემსყიდველ კომპანიებს, მათი რაოდენობა 80-მდეა. De Beers-ის აქციების 85%-ის მფლობელია სამთომომპოვებელი კომპანია Anglo American.

კოკა კვირკველია