„ენგურჰესის“ სადერივაციო გვირაბში დაგეგმილი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც პერიოდულად 10-12 წელიწადში ერთხელ ტარდება საქართველოს უსაფრთხო და საიმედო ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გადართვის სამუშაოებს განახორციელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან“ აცნობეს.
მათი ინფორმაციით, აფხაზეთის ენერგომომარაგება განხორციელდება რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან.
„საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი „ენგურჰესი" 20 იანვარს, გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო, 3 თვით სრულად წყვეტს მუშაობას. ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის მიერ, შემუშავდა სპეციალური სქემა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ენერგოსისტემის განმხოლოებას აფხაზეთის ქსელის ელექტრომომარაგებისგან. საქართველოს ენერგოსისტემა უზრუნველყოფს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აღნიშნული სქემის მიხედვით განაგრძობს მუშაობას. ხოლო აფხაზეთის ენერგომომარაგება განხორციელდება რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.