გიგლა მიქაუტაძე აცხადებს, რომ მთავრობას ეკონომიკის გახსნის გეგმა არ წარუდგენია და მთავრობას 3 მოთხოვნით მიმართავს

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგლა მიქაუტაძის ინფორმაციით, დეკემბერში 300-ლარიანი დახმარებით 200 000-მა უმუშევარმა ისარგებლა. როგორც მიქაუტაძე განმარტავს, „ლოქდაუნის“ პირობებში ათასობით ბიზნესი გაჩერებულია და მთავრობას ეკონომიკის გახსნის გეგმა ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია.

,,პრემიერ-მინისტრი შარშან გვპირდებოდა, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისი ქვეყნისთვის იყო ახალი შესაძლებლობა. არ ვიცი როგორ გამოიყენა ეს არსებულმა მთავრობამ, მაგრამ რაც ვიცი არის ის, რომ დეკემბერში დაფიქსირდა 200 000 უმუშევარი ადამიანი, რომელმაც მოითხოვა ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება და ათასობით ბიზნესი არის გაჩერებული. ბიზნესი ელოდება იმას, რომ 1 თებერვლიდან გაიხსნება ეკონომიკა და მათ მიეცემათ მუშაობის შესაძლებლობა, თუმცა არანაირი გეგმა და კონკრეტული თარიღები ჯერჯერობით მთავრობას არ დაუსახელებია, ბიზნესი არის ბუნდოვანებაში“, - აღნიშნა გიგლა მიქაუტაძემ.

მან მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ბრიფინგზე მმართველი გუნდისთვის „ლელოს“ 3 მოთხოვნა წარადგინა.

,,მინდა „ლელოს“ სახელით დავაფიქსირო 3 მოთხოვნა: 1) მთავრობამ სასწრაფოდ წარმოადგინოს ეკონომიკის გახსნის გეგმა, რომ ბიზნესს ჰქონდეს ამ გეგმასთან ადაპტირების საშუალება. ამას სჭირდება დრო და უნდა ვიცოდეთ რა პირობებში მოუწევს ბიზნესს მუშაობა. 2) ტურიზმის სექტორმა უნდა გვითხრას იქნება თუ არა ტურისტები, გაიხსნება თუ არა საზღვრები მათთვის, ვისაც ექნება კოვიდი გადატანილი, ან ვაქცინაცია ექნება გაკეთებული. ამის გამოცდილება სხვა ქვეყნებში უკვე არსებობს და ჩვენ ზამთრის სეზონს უკვე ვკარგავთ თუ რაღაც პირობით არ შემოვუშვებთ იმ ტურისტს, რომელიც არის დაბალი რისკის შემცველი. 3) მთავრობამ ორთვიანი ჩაკეტვის შემდეგ საზოგადოებას უნდა ჩააბაროს ანგარიში რატომ ჩაგვკეტეს, რა შედეგი მიიღეს და სად იყო სწორი ან არასწორი ეს ყველაფერი. ჩვენ ყოველი მოქმედების დროს არანაირ ანგარიშს არ ვისმენთ და არ ვიცით, რისი მიღწევა უნდოდა მთავრობას. ეს უნდა დამთავრდეს, ანგარიშვალდებულება მთავრობის მხრიდან უნდა გაიზარდოს“, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.