უხელფასო შვებულებაში გაურკვეველი ვადით გაშვებული თანამშრომლები და რესტრუქტურიზაციის შედეგად გაზრდილი სესხი - ასეთია ფიტნეს კლუბ ,,ოქტოპუსის“ მდგომარეობა.
როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ასათიანი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მათ მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ფიტნესკლუბებს სახელმწიფო შეღავათები არ ეხება.
,,არაერთხელ ვცადეთ კომუნიკაციის დამყარება ხელისუფლებასთან, მაგრამ უშედეგოდ. მოგეხსენებათ, ასეთი დიდი პერიოდის შემდეგ გახსნა საკმაოდ დიდ პროცედურებთანაა დაკავშირებული. სერიოზული მზადება დაგვჭირდება, თუმცა ზუსტი პასუხიც კი არ ვიცით, როდის გავიხსნებით.
სამწუხაროდ, არსებული რეალობით ყველაზე მეტად ფიტნეს ინდუსტრია დაზარალდა. ამის თქმა შემიძლია გადაუჭარბებლად. პირველ რიგში, რვა თვეა ფაქტობრივად, დახურულები ვართ და არანაირი ალტერნატიული შემოსავლის წყარო არ გაგვაჩნია და ამ პირობებში არც გახსნის დაახლოებითი თარიღი ვიცით. ჩვენი ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროში არის საუბარი დახმარების დადგენილების ახალ პროექტზე, რომელიც ეხება სხვა სექტორებს, ჩვენს სექტორზე არანაირი შეღავათი არ არის არც ახალ და არც ძველ პროექტებში. აქედან გამომდინარე, ბევრი ფიტნეს კლუბი უბრალოდ ვეღარ გაიხსნება, იმდენად მძიმეა სექტორის მდგომარეობა.
ამას ემატება, ასობით თანამშრომელი, რომელიც ახლა უხელფასო შვებულებაშია გაურკვეველი ვადით. ამასთან, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სასესხო ვალდებულებები ბანკებთან, რადგან საკმაოდ ძვირი ჯდება ფიტნესკლუბის ოპერირება. კონკრეტულად ჩვენი სასესხო ვალდებულება 10 მლნ-ს აღემატება, რომელიც ამდენხნიანი გაჩერების და სესხის რესტრუქტურიზაციის შედეგად, კიდევ უფრო გაიზარდა“, - განაცხადა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ასათიანმა.
ცნობისთვის, 1-ლი თებრვლიდან ეკონომიკის ნაწილობრივი გახსნაა დაანონსებული, თუმცა შეეხება თუ არა ეს ფიტნეს დარბაზებს, უცნობია.