El Pais:  ესპანეთში ტურიზმი ბოლო 50 წლის დონეზეა

2020 წელი ესპანეთის ტურიზმისთვის ყველაზე ცუდი წელია ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში. ქვეყანას 20 მილიონი ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წელთან შედარებით 75%-ით ნაკლებია. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais წერს. გამოცემა გვახსენებს, რომ 1969 წელს ქვეყანას 21,7 მილიონი ტურისტი ეწვია, ხოლო 1968 წელს 19,2 მილიონამდე.

რაც შეეეხბა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალს, მან 46 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 110 მილიარდით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე. ეს მაჩვენებელი კი ესადაგება 1995 წლის მაჩვენებელს, ხოლო თუ ინფლაციას გავითვალისწინებთ, ის უფრო ნაკლებიც არის.

„ესპანეთში ტურიზმი მისი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდ კრიზისს განიცდის. სექტორის წილი შმპ-ში 2019 წლის 12,4%-დან 2020-ში 4%-მდე შემცირდა“, - აცხადებს მრეწველობის მინისტრი მარი რეის მაროტო.

ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებს შორის კი არის ბალეარის კუნძულები, ვინაიდან პანდემიამ პრაქტიკულად გაანადგურა ღამის ცხოვრება, რომლითაც ამაყობდა ეს რეგიონი. 2020 წელს აქ ღამის კლუბების 63% დაიხურა. კანარის კუნძულები კი 4 მილიონამდე ტურისტმა მოინახულა, მაშინ როცა 2019 წელს 13 მილიონი ვიზიტორი ჰყავდა.

„ასევე დაზარალდა პლიაჟის ტურიზმი. სასტუმროების უმეტესობა დახურულია და არ იციან როდის გაიხსნებიან. ცარიელი შეზლონგები და ცარიელი პლიაჟები კი კატასტროფულად გამოიყურება. კოსტა-დელ-სოლის სანაპიროზე კი ტურისტების ნაკადი 70%-ით არის შემცირებული“, - წერს გამოცემა.

რაც შეეხება კატალონიის რეგიონს, იქ კლება 80%-ია, ისევე როგორც შემოსავლები. რეგიონის განაპირა ქალაქებში ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა ტურისტების არყოლის გამო. ბარსელონაში ახლა სასტუმროების მხოლოდ მეოთხედია გახსნილი - 110. ზოგადად კი სასტუმრო სექტორმა დაკარგა 1,4 მილიარდი ევრო - ეს არის 82%-ით ნაკლები წინა წელთან შედარებით.

კოკა კვირკველია