ჩინეთში წარადგინეს თანამედროვე სატრანსპორტო საშუალების პროტოტიპი, რომელიც გადაადგილდება მაგნიტურ ბალიშებზე. მისი შემქმნელების განცხადებით, ინოვაციურ მატარებელს შეუძლია გახდეს უფრო იაფი და ამავდროულად უფრო სწრაფი ახალი თაობის გადაადგილების საშუალება, რომელიც გადაადგილების სიჩქარით შეიძლება თვითმფრინავებსაც კი შევადაროთ. როგორც გაზეთი South China Morning Post წერს, ნოვატორული მატარებელი ცზიაოტუნის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ქალაქ ჩენდუში წარმოადგინეს.
ულტრათანამედროვე პროტოტიპს შეუძლია 620 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება, თუმცა მისი შემქმნელები მუშაობენ სიჩქარის 800 კმ/სთ-მდე გასაზრდელად.
მატარებლის კონსტრუქტორებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ სანამ ახალი ტექნოლოგია გახდება კომერციულად რენტაბელური, მას აქვს პრობლემები, რომელიც გადასაჭრელია. მათივე შეფასებით ამ პროცესს შესაძლოა, დასჭირდეს 6 წელი. პროექტის მთავარი ინჟინერის განცხადებით, 1 კმ მაგნიტური ხაზის მშენებლობას 250 მლნ იუანი (38,6 მლნ დოლარი) სჭირდება, მაშინ როცა მაღალსიჩქარიანი ლიანდაგის მშენებლობას 200 მლნ იუანი. ეს ღირებულება კი შესაძლოა, შემცირდეს, თუ მასიურად დაიწყება მაგნიტური ხაზების მშენებლობა. კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც მუშაობენ პროექტის ავტორები, ეს ხმაურია, რომლის შემცირებას ინჟინრები აეროდინამიკის გაუმჯობესების შემთხვევაში მიაღწევენ.