დღეიდან, 20 იანვრიდან საქართველოში ყველაზე დიდი ჰესი სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის გამო 3 თვით გაჩერდება.
ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი EBRD-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით უკვე მიმდინარეობს და გვირაბის რეაბილიტაციაც, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოხდება.
პროექტის მთლიანი ღირებულება 45 მლნ ევროა, 38 მლნ ევრო EBRD-ის სესხია და 7 მლნ ევრო ევროკავშირის გრანტი.
„ენგურჰესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი და იაფი ენერგიის წყაროა, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში. მისი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის პერიოდულად აუცილებელია სადგურზე სარეაბილიტაციო - სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ამჯერად განხორციელდება საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები - ესაა გვირაბის ცემენტაცია, დალექილი ლამის გამოტანა, ელექტრომექანიკური ნაწილების შეკეთება - რეაბილიტაცია, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ სადგურის მიერ წყლის დანაკარგი შემცირდება, ელექტროსადგურის გამომუშავება კი მოიმატებს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას თქმით, ენგურჰესზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში განხორციელდება.