გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი 14 თებერვლამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
მისი თქმით, მართალია გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა მცირდება, თუმცა შეზღუდვების შემსუბუქება ჯერჯერობით არ განიხილება. ამასთან, 14 თებერვლამდე ქვეყნის მასშტაბით მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.
გერმანიაში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 16 დეკემბრიდან მოქმედებს. ქვეყანაში სავაჭრო ცენტრები, მუზეუმები, თეატრები და სილამაზის სალონები დახურულია. სწავლა კი, ძირითად შემთხვევაში დისტანციურად მიმდინარეობს. გერმანიაში კორონავირუსის 2 მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 49 200 ადამიანი ემსხვერპლა.