აჭარის 6 მუნიციპალიტეტში (ბათუმი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო, ქობულეთი) სულ 52 ა(ა)იპი ფუნქციონირებს, სადაც 6,991 დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად დაახლოებით 3,444,517.35 ლარი, წლიურად კი - 41,334,208.2 ლარი იხარჯება.
ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ავრცელებს.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია, თუ რამდენი პირია დასაქმებული (შტატით და შტატგარეშე) დაწესებულებებში 2020 წლის ივნისის მდგომარეობით და რა თანხა იხარჯება მათი შრომის ასანაზღაურებლად.
„რამდენიმე ა(ა)იპის არსებობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, რადგან მუნიციპალიტეტები ვერ ასაბუთებენ, თუ რა გადაუდებელი აუცილებლობით არის განპირობებული მუნიციპალური ა(ა)იპების არსებობა და შესაბამისად, მათი ფუნქციონირებისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი. ასეთ შემთხვევებად შეიძლება განვიხილოთ ხულოში არსებული ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბი „ხიხანი”, ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა” და ბათუმის „საცხენოსნო კლუბი.” ამ ბოლო ორი იურიდიული პირის მიერთება „ბათუმის სპორტული ცენტრისთვის”, ვფიქრობთ, ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნებოდა. ასევე, აუცილებელია, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის მიერ ა(ა)იპების საქმიანობის სრულყოფილი შესწავლა, მკაცრი მონიტორინგი და მხოლოდ იმ იურიდიული პირების შენარჩუნება, რომელთა საქმიანობასაც მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს შესყიდვებით ვერ განახორციელებს,“-აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.
კვლევამ გამოავლინა, რომ 2020 წლის ივნისის მდგომარეობით:
აჭარის მუნიციპალიტეტებში მუშაობს 52 ა(ა)იპი, რაც 2015 წლის სექტემბრის მონაცემებზე 2-ით მეტია. ა(ა)იპებში ჯამურად დასაქმებულია 6,991 ადამიანი, რაც 2015 წლის მონაცემებს (4,415) დაახლოებით 1.5-ჯერ აღემატება;
აჭარის მუნიციპალიტეტები ა(ა)იპებში ხელფასების სახით ჯამურად 3,444,517.35 ლარს გასცემს ყოველთვიურად, რაც 2015 წლის სექტემბრის მონაცემებზე (1,648,211.79) 2-ჯერ მეტია;
ბათუმის მუნიციპალიტეტში 13 ა(ა)იპი მოქმედებს, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 2-ით მეტია. ამ 13 ა(ა)იპ-ში ჯამურად 2,828 ადამიანია დასაქმებული - 2019 წელთან შედარებით ამ რიცხვმა 331-ით მოიმატა. ამასთან, დასაქმებულ პირთა თვიური სარგო დაახლოებით 1.2-ჯერ გაიზარდა და 1,920,147.35 ლარი გახდა;
ქედაში ა(ა)იპების რაოდენობა კვლავ 5-ია. თუმცა, დასაქმებულთა რაოდენობამ 122-ით მოიმატა და 461 გახდა. შესაბამისად, თვიური თანამდებობრივი სარგოც გაიზარდა - 93,754.2 ლარიდან 155,415 ლარამდე;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რიცხვი არ შეცვლილა და კვლავ 5-ია. თუმცა დასაქმებულთა რაოდენობამ აქაც 454-დან 855-მდე იმატა, რამაც თვიური თანამდებობრივი სარგოს 129,787.1 ლარიდან 323,394 ლარამდე გაზრდა გამოიწვია;
ხულოს მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)აიპ-ების რაოდენობა (10) 2015 წლის სექტემბრის მონაცემზე 1-ით მეტია. შტატზეც და შტატგარეშედაც დასაქმებულია 800 ადამიანი, რაც 2015 წელთან შედარებით (404) თითქმის გაორმაგდა. თვიური თანამდებობრივი სარგო ჯამში 267,889 ლარს შეადგენს - 2015 წლის სექტემბრის მონაცემზე (108,290) დაახლოებით 2.5-ჯერ მეტია;
შუახევის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ების რაოდენობა 1-ით გაიზარდა 8-მდე, ხოლო დასაქმებულთა მთლიანმა რიცხვმა 201-ით მოიმატა და 504 შეადგინა. რაც შეეხება თვიურ თანამდებობრივ სარგოს (183,032 ლარი), 2015 წელთან შედარებით, ეს მონაცემი დაახლოებით გაორმაგდა;
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 11 ა(ა)იპ მოქმედებს, რაც 2015 წლის მონაცემებს 1-ით აღემატება. ამასთან, წინა წლებთან შედარებით, დასაქმებულთა რიცხვმა (1,543) დაახლოებით 2-ჯერ მოიმატა, ყოველთვიური სარგო (594,640 ლარი) კი 2.7-ჯერ გაიზარდა.
სრული კვლევის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: აჭარის მუნიციპალიტეტებს ა(ა)იპების შენახვა წელიწადში 41 მილიონ ლარზე მეტი უჯდებათ