კახა კალაძის განცხადებით, 2020 წელს განსახორციელებელი პროექტების ნაწილი, რომელსაც ხელი პანდემიამ შეუშალა, 2021 წელს განხორციელდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2020 წელს განსახორციელებელი პროექტების ნაწილი, რომელსაც ხელი პანდემიამ შეუშალა, 2021 წელს განხორციელდება. ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მერიისთვის პრიორიტეტული კვლავ სატრანსპორტო რეფორმა იქნება.

„ახალი სამუშაო წელი დაიწყო და მნიშვნელოვანია გავაათმაგოთ და გავაასმაგოთ ის, რასაც ვაკეთებდით ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი მუშაობის ხარისხი, შესაძლებლობები. 2020 წელი იყო ძალიან რთული წელი ყველანაირი თვალსაზრისით, მსოფლიო იდგა სერიოზული გამოწვევის წინაშე და ეს ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. უმნიშვნელოვანესი გამოწვევა გახლავთ პანდემია და საქართველოც არ არის გამონაკლისი, ვებრძვით კოვიდ-19-ს, უხილავ მტერს. ამ პრობლემის გამო ჩვენ 2020 წელს ბევრი პრობლემა შეგვექმნა და პროექტების გადავადება მოგვიწია. ის, რაზეც 2020 წლის დასაწყისში ვსაუბრობდით, რომ უნდა განხორციელებულიყო, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ არსებობდა სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. თუმცა, დარწმუნებული ვარ, 2021 წელს ერთიანი ძალისხმევით ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას შევძლებთ ჩვენი ქალაქისთვის.

ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები არის არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით მხარდაჭერა და თანადგომა. 350 მილიონი იქნება ამ მიმართულებით გამოყოფილი და დაახლოებით, 440 მილიონი იქნება მიმართული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. თუმცა, აქ ხაზი მინდა გავუსვა ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს - იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გვაქვს დაწყებული სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, 2021 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ეს იქნება. ასევე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მაგარი პროექტი განხორციელდა სკვერების, პარკების განახლება-რეაბილიტაცია, ეს მომავალშიც გაგრძელდება. პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რა მნიშვნელობა აქვს რეკრეაციული სივრცეების არსებობას. სასიხარულოა ის, რომ საპარკო კულტურა შემოვიდა ქალაქში. გვაქვს მეტი მოტივაცია, რომ მეტი ასეთი სივრცე შევქმნათ ქალაქში“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება გასული წლის ბიუჯეტს შესრულების ნაწილში, თბილისის მერის ინფორმაციით, 96%-ზე მეტი რაოდენობით შესრულდა.

„440 მილიონი ლარი დაიხარჯა ინფრასტრუქტურის მიმართულებით. 500 მილიონზე მეტი უნდა დახარჯულიყო, თუმცა პანდემიამ პრობლემები შეგვიქმნა. 320 მილიონი დაიხარჯა ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით. ეს არის ის მიმართულება, სადაც 1 ლარი არ მოგვიკლია იმიტომ, რომ კარგად გვესმის ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, ბევრ ოჯახს დავუდექით გვერდით, ძალიან ბევრი სიცოცხლე გადავარჩინეთ, ძალიან ბევრ შეჭირვებულ ოჯახს ხელი შევუწყვეთ. რა თქმა უნდა, ამით არ ვტრაბახობთ, ეს ჩვენი მოვალეობაა, მაგრამ მთავარი საზრუნავი იქნება ის, რომ მომდევნო წლების განმავლობაში რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული, ნაკლები გაჭირვებული ოჯახები გვყავდეს, ამისკენ უნდა იყოს მთელი ძალისხმევა მიმართული. ასეთ ადამიანებს გვერდში დავუდგებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჰქონდეთ მხარდაჭერა.

რაც შეეხება 2021 წლის ბიუჯეტს, 1 მილიარდ 150 მილიონი იქნება. საუბარი იყო, რომ მილიარდ 100 მილიონამდე გაიზრდებოდა, თუმცა 2020 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მუნიციპალიტეტის ეფექტური მუშაობის შედეგად გადაჭარბებით შესრულდა და მილიარდ 150 მილიონი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.