6 ინიციატივა, რასაც რამდენიმე ბიზნესასოციაცია მთავრობას კრიზისის დასაძლევად სთავაზობს

1-ელ თებერვალს დაგეგმილი ლოქდაუნის მოხსნა გადადების საშიშროების წინაშეა - ამის შესახებ, ათეულამდე ბიზნესასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

რამდენიმე ბიზნესასოციაციამ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის დარგთაშორისი ინიციატივა გააჟღერეს.

„ჯერ 16 იანვარს ნაწილობრივი, შემდეგ კი 1-ელ თებერვალს მთავრობის მიერ დაპირებული ე.წ. ლოქდაუნის სრული მოხსნა კვლავ გადადების საშიშროების წინაშეა. უფრო მეტიც, სხვა და სხვა სახელისუფლებო წარმომადგენელთა და ეპიდემიოლოგთა ბოლო განცხადებები მიგვანიშნებს ქვეყნის ხელახალ ლოქდაუნზე. (ე.წ. მესამე ტალღა).

მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვაცნობიერებთ საქართველოში ჯანდაცვის სფეროში შექმნილ რთულ მდგომარეობას, გვინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ქვეყანა დგას გადარჩენის ან მთლიანი დაღუპვის ზღვარზე. გაკოტრებულია არაერთი დარგი, რის გამოც სავალალო მდგომარეობაშია, საგადასახადო სისტემა და საბანკო სექტორიც კი, სუფევს ტოტალური უმუშევრობა (გარდა სახელმწიფო უწყებებისა) უმძიმეს მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა და ბიუჯეტი , რც ქვეყნის სამომავლო განვითარების პერსპექტივას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს,“ -აღნიშნავენ ბიზნესასოციაციები.

მათივე შეფასებით, აუცილებელია ყველა დარგის ამუშავება, რეკომენდირებული წესების დაცვით. კერძოდ:

  • სასწრაფოდ ამუშავდეს ტრანსპორტი, როგორც საქალაქო, ასევე საქალაქთაშორისო, საავტომობილო, მეტრო და რკინიგზა;
  • საერთაშორისო საავიაციო კომუნიკაციის აღდგენა;
  • დაიწყოს ფუნქციონირება სარესტორნო ბიზნესმა;
  • შიდა და გარე ტურიზმის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამუშავდეს სასტუმროები;
  • აღდგეს მოლებისა და არასასურსათო მაღაზიების ოპერირება;
  • დაიწყოს ზამთრის კურორტების ოპერირება, როგორც სასტუმროების, ასევე საბაგირო გზების.

თაია არდოტელი