თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 20 იანვრიდან 31 მარტამდე მაჭავარიანის ქუჩის ერთი მონაკვეთი ცალმხრივად ჩაიკეტება. ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მაჭავარიანის ქუჩაზე ახალი წყალსადენის მილები უნდა განთავდეს, რის გამოც, მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
„თქვენ იცით, რომ დავიწყეთ ახალი გზის მშენებლობა, რომელიც მაჭავარიანის ქუჩას დააკავშირებს მარშალ გელოვანის გამზირთან. ზოგადად, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია ბოლო წლების განმავლობაში ძალიან განვითარდა, ბევრი ადამიანი ცხოვრობს უკვე, თუმცა, მისასვლელი გზები გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ახალი ბეტონის საფარიანი საავტომობილო გზის პროექტი განხორციელდეს. დაახლოებით, 2-კილომეტრის სიგრძის იქნება ეს კონკრეტული გზა, 4 ზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი. პროექტი ასევე ითვალისწინებს საყრდენი კედლების წყალამრიდებისა და თანამედროვე განათების ქსელის მოწყობას. გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში პროექტი დასრულებული უნდა იყოს.
პროექტის ფარგლებში გზის მასშტაბური სამუშაოების პარალელურად ხორციელდება საპროექტო არეალში არსებული სტრატეგიული დანიშნულების წყალსადენის მილების ახალი ტრაექტორიით განთავსება. ამ ეტაპზე უნდა მოხდეს საავტომობილო გზის გასწვრივ ახალი წყალსადენის 900-1000-იანი და 1200 მმ-იანი დიამეტრის მილების დაერთება არსებულ მოქმედ მილსადენებზე, რისთვისაც საჭიროა მაჭავარიანის ქუჩის ორ ადგილზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობასთან, ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე გზის არეალის გადაჭრა. შესაბამისად, მოგვიწევს მოძრაობის შეფერხება. ამასთან დაკავშირებით მინდა საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო, რომ მიმდინარე წლის 20 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში მაჭავარიანის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად ნუცუბიძის ფერდობიდან ვაშლიჯვრის მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.