ახალი წესის გამო, ტურისტულ სექტორში დასაქმებულების ნაწილი 200-ლარიან დახმარებას ვეღარ იღებს - ,,ტრეფიკ თრეველი“

დახმარების პროგრამაში გამკაცრებული წესების გამო, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი დახმარებას ვეღარ იღებს - ამის შესახებ ტურისტული კომპანია ,,ტრეფიკ თრეველის“ მმართველმა პარტნიორმა ცოტნე ჯაფარიძემ რადიო „პალიტრასა’’ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმის სექტორი უიმედოდ დარჩენილი და გარდაცვლილია.

,,დღევანდელი მდგომარობიდან გამომდინარე, შეუძლებელია რამე მოლოდინი ჰქონდეს ბიზნესს. იანვრის მეორე ნახევარში მაინც, ბიზნესებმა უნდა იცოდნენ, იხსნებიან თუ არა. მით უფრო, რომ ტურიზმის ეს სახეობა ყველაზე ნაკლებად საშიშია ეპიდგავრცელების კუთხით, გაუგებარია, რატომ შეიძლება არ მოხდეს გახსნა 1-ლი თებერვლიდან.

2020 წელს ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია სამთავრობო სტრუქტურებთან ყველა დონეზე და ეხებოდა მწვანე ზონის სტატუსის სწორ გამოყენებას, თუმცა ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო. რა თქმა უნდა, კარგია კომუნიკაცია, მაგრამ ამ გამოცდილების გათვალისწინებით, უკვე ნაკლებად მეიმედება, რომ ეს რამეს შეცვლის.

ძალიან მძიმეა იმ ადამიანების მდგომარეობაც, რომლებისთვისაც შემოსავლის ერთადერთი წყარო სეზონური ტურიზმია. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ გუდაურის გარშემო მცხოვრებ ადამიანებს, რომელიც სრულად ამაზე არიან დამოკიდებული და მათი შემოსავლები განულებულია.

ტურისტული სექტორი არის უმძიმეს მდგომარეობაში, შეიძლება ითქვას რომ გარდაცვლილია. ვართ ყოველგვარი იმედის გარეშე. არ ვიცით როდის და რა მიმართულებით აღდგება ფრენები, არ ვიცით როდის დაიწყება და მორჩება ვაქცინაცია, ამის გარეშე კი ვერანაირი აღდგენა ვერ მოხდება“, - აცხადებს ჯაფარიძე.

მისივე თქმით, სექტორში დასაქმებულების დიდი ნაწილი დახმარების ახალი პროგრამით ვეღარ სარგებლობს.

,,გასულ წელს, ეფექტურად იმუშავა 6-თვიანმა 200-ლარიანი დახმარების პაკეტმა. წელს კი, დაამატეს ახალი შეზღუდვა, თუ გასულ წელს დამსაქმებლის მხრიდან ერთი ჩარიცხვა საკმარისი იყო დახმარების მისაღებად, ახლა 2 ჩარიცხვაა აუცილებელი, რაც ნიშნავს, რომ ამ მიზერულ თანხასაც ვეღარ მიიღებს დასაქმებულთა დიდი ნაწილი,“ - განაცხადა ჯაფარიძემ „საქმეში“.

შეგახსნებთ, ხელისუფლებამ მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა წარადგინოს ეკონომიკური გახსნის გეგმა, სადაც გაწერილი იქნება, რომელი სექტორები გაიხსნება და რა პირობებით 1-ლი თებერვლიდან.

თამარ მუკბანიანი