„ვისაც როგორ  შეუძლია, ყოველდღე უნდა იყვიროს,  რომ არ აპირებენ შიმშილით ამოხდეთ სული - ახლა მთავრობას დამონებული ვყავართ“

„ვისაც როგორ შეუძლია, ყოველდღე უნდა იყვიროს, რომ არ აპირებენ შიმშილით ამოხდეთ სული,“- ამის შესახებ, პარტია "მეტი თავისუფლება-გირჩის" ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„1-ლი თებერვლიდან კი არა, ამ წუთიდანვე არის ქვეყანაში ყველაფერი გასახსნელი. მგონია, რომ სწორედ ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. არ ვფიქრობ, ვინმე ამას ვერ ხედავდეს ხელისუფლებაში, შეუძლებელია ამას ვერ ხედავდეს ვინმე, ვისაც ოდნავ მაინც ესმის და იცის რიცხვების წაკითხვა, როცა ჩახედავს მაგალითად, სახელმწიფო ბიუჯეტს და მის მაჩვენებლებს. შარშან 5 მილიარდი ლარის აღება მოგვიწია და ახლა დამატებით, 5.3 მილიარდი ლარის ვალს ვიღებთ, ძალიან ღარიბი და ეკონომიკა გაჩერებული ქვეყანა. შარშანდელთან შედარებით, საგადასახადო შემოსავლების ნაწილშიც 1.2 მილიარდი ლარით მეტს ელოდებიან. საიდან უნდა შემოვიდეს ეს შემოსავლები? თან მთავრობის გეგმაში წერია, რომ გადასახადების გაზრდას არ ვაპირებთო. შეიძლება ივარაუდო, რომ გაზრდიან ისევ აქციზს თამბაქოზე, ან საწვავზე ან ორივეზე და იქიდან აპირებენ დამატებითი თანხების მობილიზებას, სხვა ახსნა მე არა მაქვს. უბრალოდ, არ მესმის, როგორ შეიძლება ადამიანები გყავდეს გაჩერებული და ამ დროს საიდან შეიძლება ფული მიიღოს სახელმწიფომ. მგონია, ამ ბიუჯეტს შესრულება არ უწერია, უბრალოდ, ვიღაცამ გააკეთა ექსელში, რომ პარლამენტში შეეტანა და დაემტკიცებინათ, რათა რაღაც დოკუმენტი ყოფილიყო ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

რაც შეეხება შეზღუდვებს და ჩაკეტვას, ვერავინ ვერ გაექცა ამ ვირუსს და ვერც ჩვენ გავექცევით. ეს არის ადამიანების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ვიღაცას ეშინია და აქვს შესაძლებლობა მშიერი არ იყოს, სახლიდან ნუ გამოვა, მაგრამ მე თუ არ შემიძლია სახლში ვიჯდე, იმიტომ, რომ შვილები მყავს, გავალ გარეთ და ვიმუშავებ. ახლა მთავრობას დამონებული ვყავართ და ეს მონობა არის გადასაგდები. ყველამ უნდა გააპროტესტოს შეზღუდვები, განსაკუთრებით იმ ხალხმა, ვინც მშიერი დარჩა და არ იციან რა ქნან. ყოველდღე ვისაც როგორ შეუძლია, უნდა იყვიროს, რომ არ ემორჩილებიან ამ მავნებლურ შეზღუდვებს და არ აპირებენ შიმშილით ამოხდეთ სული,“-განაცხადა ჯაფარიძემ.

თაია არდოტელი