ამუშავდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1-ლი თებერვლიდან - „დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი არსებობს“

,,უნდა მოხდეს ეკონომიკის ფრთხილი, დაბალანსებული და თანმიმდევრული აღდგენა“, - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში, ,,საქმე“ პარლამენტის წევრმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის სწრაფი გახსნით პირველ რიგში ხელისუფლებაა დაინტერესებული.

,,პირველ რიგში, ხელისუფლებაა დაინტერესებული იმით, რომ რაც შეიძლება სწრაფად აამუშაოს ეკონომიკა. უმთავრესად, ჩვენი მოქალაქეების სამუშაო ადგილებზე დაბრუნებისათვის. მეორე - ეს არის თავად კერძო სექტორის ამუშავების სურვილი. ბუნებრივია, დახურულ ბიზნესს შეძლებისდაგვარად რესურსებიდან გამომდინარე რაც გაგვაჩნია, ვეხმარებით და ეს დახმარება გაგრძელდება. ხელისუფლების მოტივაციის მესამე განმაპირობებელი ფაქტორი კი, არის ქვეყნის ფისკალური მდგომარეობა, შენატანები ბიუჯეტში და ა.შ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ხელისუფლება უპირველესად არის ორიენტირებული ბიზნესის სწრაფ ამუშავებაზე.

აღდგენის ძირითადი განმსაზღვრელი რა თქმა უნდა, კვლავ არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. ფრთხილი, დაბალანსებული და თანმიმდევრული ამუშავება უნდა მოხდეს. ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრო ინტენსიურად ხვდება კერძო სექტორს, რათა ეტაპობრივი და სწორი იყოს სექტორნების ფუნქციონირების აღდგენა და მინიმუმამდე დავიდეს რისკები“-ამბობს ის.

წამყვანის კითხვაზე, რატომ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა მხოლოდ საქართველოში მთელი ევროპის მასშტაბით, ლილუაშვილმა თქვა, რომ შედარება ევროპასთან, არარელევანტურია.

,,ევროპის მაგალითების მოყვანა საქართველოსთან მიმართებით არარელევანტურია. ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი პოლიტიკური პროცესი და კოვიდ გავრცელების ანტირეკორდი, რაც არ ყოფილა ევროპაში. სატრანსპორტო შეზღუდვის ნაწილში როცა ვიწყებდით, მაშინაც ვთქვით, რომ ეს არის მობილობის შემცირებისათვის. მე შემიძლია გითხრათ, ეკონომიკის გახსნის გეგმა უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. ასევე, ტრანსპორტის აღდგენის გეგმაც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. შემიძლია ვთქვა, რომ დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი არსებობს“, -განაცხადა ბექა ლილუაშვილმა ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი