საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, ონლაინ-შეხვედრა გამართა "მსოფლიო ბანკის" რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინესთან.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო იმ პროექტებს, რომელიც პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, "მსოფლიო ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
"მსოფლიო ბანკი" საქართველოში აფინანსებს რეგიონული განვითარების, საგზაო და წყალმომარაგების მშენებლობა-რეაბილიტაციის, ტურისტული და განათლების ინფრასტრუქტურის პროექტებს. "მსოფლიო ბანკის" დახმარებით, 800 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოხმარდა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, საიდანაც 500 მილიონ დოლარზე მეტი მიმართულია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე. ონლაინ-შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და დასახეს ახალი გეგმები",-აღნიშნულია ინფორმაციაში.