Netflix-ის ხელმომწერთა რაოდენობამ 200 მილიონს გადააჭარბა

სტრიმინგ-სერვისის Netflix-ის ფასიანი ხელმომწერების რიცხვი პირველად გასცდა 200 მილიონს. ამის შესახებ The Times-ი კომპანიაზე დაყრდნობით წერს.

იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც მეოთხე კვარტალში Netflix-ის ხელმომწერები გახდნენ, 8,5 მილიონი შეადგინა, ხოლო მთელი წლის განმავლობაში სერვისით მოსარგებლეთა რაოდენობა 37 მილიონით გაიზარდა.

ამასთან, კომპანიის შემოსავლები 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 20,15 მილიარდით, თითქმის 25 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო მისი სუფთა მოგება 1,87 მილიარდით გაიზარდა და 2,76 მილიარდი დოლარი შეადგინა. The Times-ის ცნობით, ამ ციფრებმა ინვესტორები გაახარეს, აქციების ფასი კი 12,2 პროცენტით გაიზარდა და Netflix-ის ერთ ცალ აქციაზე 561,76 დოლარი შეადგინა.

სულ კი ამ სერვისის ხელმომწერთა რაოდენობა ბოლო სამ წელიწადში თითქმის გაორმაგდა და 111 მილიონიდან 204 მილიონამდე გაიზარდა. საშუალო შემოსავალი თითო ხელმომწერიდან კი 9,88 დოლარიდან 11,02 დოლარამდე გაიზარდა.

გამოცემის ცნობით, კომპანიის ასეთი წარმატება გამოიწვია ნოემბერში გამოსულმა სერიალ The Crown-ის მეოთხე სეზონმა, რომელიც ეძღვნება ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთ მეორეს და მის ოჯახს. ამერიკული კომპანიის თანამშრომლები კი ასევე ხაზს უსვამენ დეკემბერში გამოსულ სერიალს Bridgerton, რომელიც ასახავს ამ გვარის მქონე ოჯახის ცხოვრებას რეგენტის ეპოქაში (1811-1820 წწ). უდიდესი პოპულარობა მოიპოვა ოქტომბერში გამოსულმა მინისერიალმა The Queen's Gambit: გამოსვლიდან პირველ 28 დღეში ის 62-მა მილიონმა მომხმარებელმა ნახა, რამაც ის აქცია ყველაზე პოპულარულ მინისერიალად ონლაინ-კინოთეატრის არსებობის განმავლობაში.

შეგახსენებთ, Netflix 1997 წელს დაფუძნდა. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ლოს-გატოსში (კალიფორნია). 2013 წლიდან Netflix იღებს საკუთარ ფილმებს, სერიალებს და ტელეგადაცემებს. კომპანია სტრიმინგ-სერვისს 190-მდე ქვეყანაში სთავაზობს მომხმარებელს.

კოკა კვირკველია