ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 20 იანვრიდან, უწყების განახლებული ვებგვერდი www.rs.ge მომხმარებელს სრული დატვირთვით მოემსახურება.
მათივე ინფორმაციით, ახალი დიზაინითა და დამატებითი ფუნქციებით, ვებგვერდი მაქსიმალურადაა მორგებული გადასახადის გადამხდელის მოთხოვნებზე და ბევრად უფრო მარტივია მისი გამოყენება.
"ვებგვერდის განახლების პროექტი წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სერვისების განვითარების 2019-2020 წლების სტრატეგიისა და 2021 წლის სამოქმედო გეგმის შემადგენელ ნაწილს, რომლის უმთავრესი მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით არსებული მომსახურების კიდევ უფრო სრულყოფა და განვითარება.
აღსანიშნავია, რომ ვებგვერდის განახლების პროცესი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით 2019 წელს დაიწყო და 2 ეტაპად განხორციელდა. საწყის ეტაპზე, განისაზღვრა ვებგვერდის სტრუქტურა, საიტის ერთიანი სტილი და დიზაინი, ხოლო მეორე ეტაპზე - კონტრაქტორი კომპანიის მიერ, ფუნქციონალური სამუშაოების დასრულების შემდეგ, შემოსავლების სამსახურის ტექნიკურმა გუნდმა სრულად გამართა ელექტრონული სერვისები.
უწყების განახლებულ ვებ-პორტალზე, სრულად შეიცვალა და თანამედროვე ტენდენციებს მოერგო ვებგვერდის დიზაინი და სტრუქტურა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის მისიისა და საქმიანობის მასშტაბურობის გათვალისწინებით, შესაძლებლობის ფარგლებში, მინიმალისტურად დაიგეგმა მთავარი გვერდი, სადაც განთავსდა ყველაზე ხშირად ძებნადი ინფორმაცია. საკონსულტაციო მონაცემები დაიყო ორ ძირითად ჯგუფად - ფიზიკური პირი და იურიდიული პირი ხოლო გადასახადის გადამხდელთა უკეთ ინფორმირების მიზნით, სპეციალური სივრცე დაეთმო საკანონმდებლო სიახლეებს, რომელთა ფილტრაცია მარტივად არის შესაძლებელი. განახლებული ვებგვერდი მომხმარებელს, COVID-19 -თან დაკავშირებულ სხვადასხვა ინფორმაციას, ასევე, რეკომენდაციებსა და რეგულაციებსაც სთავაზობს.
შემოსავლების სამსახურის ახალ ვებგვერდზე განთავსდა 200-მდე განახლებული საკონსულტაციო სტატია, რომელთა უმეტესობა, უკვე ითარგმნა ინგლისურ ენაზე. ასევე, განახლდა შემოსავლების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული 300-მდე საკანონმდებლო აქტი და მედია სიახლეების განთავსების არე.
ვებგვერდის სატესტო რეჟიმში მუშაობისას, დაინერგა ახალი საკომუნიკაციო არხი - "RS ჩათი", რომლის მეშვეობითაც კონსულტაციის გაწევა სრული დატვირთვით უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდის მართვის პროცესში, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო უკუკავშირის პროგრამის ანალიზს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დააფიქსიროს მოსაზრებები ვებგვერდის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი ვებგვერდის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს ბანკებისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციების, ასევე, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წარმომადგენლებმა. ამასთან, პროექტის ფარგლებში, აქტიური თანამშრომლობა შედგა საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატისა და საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის.
შემოსავლების სამსახურის განახლებული ვერსიის გაშვებიდან, დღემდე, ვებგვერდს 9 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ხოლო დღიურად, საშუალოდ 65 000 მომხმარებელი სტუმრობს",-აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.