საქართველოში დაარსებული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან თავართქილაძე კომპანიის ჭრილში აჯამებს გასულ 2020 წელს და 2021 წლის გეგმებს გვთავაზობს.
2020 წელი მსოფლიო პანდემიის ფონზე წარიმართა. გართულებული სიტუაცია შეეხო ყველა სფეროს და ასახვა ჰპოვა კომპანიების საქმიანობაზე. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, 2020 წელი ინტელიექსპრესისთვის მაინც განვითარების წელი აღმოჩნდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით ფულადი გზავნილების შემოდინება ქვეყანაში 2019 წელთან შედარებით 8.8%-ით გაიზარდა, ხოლო ინტელიექსპრესისთვის ეს ზრდა 17.6%-ს შეადგენდა. რაც ქვეყანაში ფულადი გზავნილების ნაკადის ზრდის გარდა განპირობებული იყო ინტელიექსპრესის სისტემის გაფართოებით სხვადასხვა ქვეყანაში. ინტელიექსპრესი საქართველოს გარდა გზავნილებს ახორციელებს მსოფლიოს 70-ზე მეტ სახელმწიფოში. 2020 წელს ინტელიექსპრესმა აქტიურად დაიწყო ქსელის განვითარება პაკისტანსა და შრი-ლანკაში. 2019 წელთან შედარებით 2020 წელს გადარიცხვებმა განსაკუთრებით მოიმატა დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, კვიპროსიდან და უკრაინიდან სადაც ინტელიექსპრესი პირდაპირაა წარმოდგენილი. აღნიშნული სახელმწიფოებიდან გზავნილები ინტელიექსპრესის მეშვეობით არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა სახელმწიფოებშიც ხორციელდება, როგორც ყოფილი დსთ-ს ქვეყნებში, ისე აზიის მიმართულებით, მაგალითად: სომხეთში, მოლდოვაში, ფილიპინებში, პაკისტანში თუ სხვა. ამ ქვეყნების მიმართულებითაც ფიქსირდება გზავნილების შესამჩნევი მატება. ასევე ზრდას ვხედავთ აშშ-დან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოს მიმართულებით.
პანდემიის პირობებში სწრაფად მოვახერხეთ გადაწყობა და მეტი დისტანციური სერვისის შეთავაზება მომხმარებლებისთვის. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა განვითარების გზაზე. მიუხედავად დისტანციური სერვისების დანერგვისა, ჩვენი ფილიალები შეუჩერებლად განაგრძობდა მუშაობას. მეტიც, ბათუმში, ქუთაისსა და გორში ახალი ფილიალებიც გავხსენით და მოვახერხეთ დასაქმებულთა რაოდენობის სრულად შენარჩუნება. ზოგ ქალაქში გაზრდაც კი. ასევე, აქტიურად ვმუშაობდით საქართველოში ევროპული სერვისების დანერგვის კუთხით, რის საშუალებასაც სისტემას ევროპული ლიცენზია აძლევს. ინტელიექსპრესს ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში მიღებული აქვს ავტორიზებული საგადახდო ინსტიტუტის, ე.წ. API (Authorized Payment Institution) ლიცენზია და აკმაყოფილებს PSD2 (Payment Services Directive 2) რეგულაციის მოთხოვნებს. სწორედ ამ დირექტივის საფუძველზე ინტელიექსპრესმა ქართველ მომხმარებელს შესთავაზა SEPA-ს გზავნილები - ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში (36 სახელმწიფოში) საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ქართული ბაზრისთვის უჩვეულოდ დაბალი ტარიფებით, მხოლოდ 1 სამუშაო დღეში, ყველანაირი დამატებითი გადასახადისა და შუამავალი ბანკის საკომისიოს გარეშე. ამას გარდა, ჩვენი სერვისის მაქსიმალურად ხელმისაწვდომობისთვის, ქართულ ბანკებთან ერთად საქართველოში დავნერგეთ გზავნილის დისტანციურად განაღდება თანხის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით. ინტელიექსპრესი შექმნის დღიდან ძირითადად ორიენტირებულია საკუთარი სერვისის ემიგრანტებისთვის შეთავაზებაზე. ამავე, 2020 წელს კომპანიამ შექმნა, ემიგრანტებზე ორიენტირებული, საკრედიტო პროდუქტების ახალი ბრენდი ინექსკრედიტი - მასში გაერთიანდა აქამდე ინტელიექსპრესის სახელის ქვეშ არსებული საკრედიტო პროდუქტები. ინექსკრედიტით ემიგრანტებს და მათ ოჯახის წევრებს შეუძლიათ იპოთეკური, სამომხმარებლო და სალომბარდე სესხების მიღება მათზე მორგებული პირობებით.
რაც შეეხება 2021 წელს, ინტელიექსპრესი კვლავ გეგმავს გამოიყენოს PSD2-ის რეგულაციით მონიჭებული შესაძლებლობები და დანერგოს ახალი პროდუქტები. ასევე, ამავე რეგულაციით მონიჭებული უფლებით, დავიწყებთ ევროპაში მყოფი ჩვენი მოქალაქე ემიგრანტებისთვის ევროპული საგადახდო ანგარიშების გახსნას. ამას გარდა, ინტელიექსპრესი საქართველოში ერთადერთი არასაბანკო ორგანიზაციაა, რომელიც MASTERCARD-ის ძირითადი წევრი გახდა. ამ წელს გამოვუშვებთ MASTERCARD-ის საერთაშორისო ბარათებს, რომლის გამოყენებაც კომპანიის მომხმარებლებს შეეძლებათ, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. 2021 წელს იგეგმება ინექსფეისთან თანამშრომლობა, რომელიც წარმოადგენს ელექტრონულ საფულეს. ინექსფეის პლატფორმით, მომხარებლებისთვის გამარტივდება სხვადასხვა სერვისებთან წვდომა. მას აქტიურად შევთავაზებთ მომხმარებლებს ინტელიექსპრესის ევროპული ქსელისა და ოფისების ბაზაზე: დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, იტალიასა და კვიპროსში.
ინტელიექსპრესი 2006 წელს საქართველოში დაარსებული ფულადი გზავნილების სისტემაა, რომლის საშუალებითაც დღეს ფულადი გზავნილების გაგზავნა და მიღება ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის 70-ზე მეტ ქვეყანაშია შესაძლებელი. მას აგენტი ბანკების, პარტნიორი სისტემებისა და საკუთარი ფილიალების ქსელის გათვალისწინებით მსოფლიოში ნახევარ მილიონზე მეტი განაღდების წერტილი ემსახურება.
(R)