როგორია საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები

2020 წელი რომ მსოფლიო ეკონომიკისთვის და მათ შორის საქართველოსთვისაც საკმაოდ მძიმე იყო, ამაზე ფაქტობრივად, ყველა თანხმდება.

მაგალითად, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით შემცირდა. შემცირებულმა ეკონომიკამ კი ქვეყანაში უმუშევრობის ზრდა გამოიწვია, კერძოდ, გასულ წელს უმუშევრად დარჩენილი ადამიანების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის არც 2021 წლის დასაწყისი ყოფილა საიმედო, რადგან ეკონომიკა ფაქტობრივად, ისევ გაჩერებულია, ხოლო მისი აღდგენა ეტაპობრივად თებერვლიდან დაიწყება. შექმნილი გარემოების ფონზე კი საინტერესოა, თუ ეკონომიკური ზრდის რა პროგნოზი აქვთ სხვადასხვა ორგანიზაციებს და სამთავრობო უწყებებს 2021 წელს.

საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2021 წელს ეკონომიკა საშუალოდ 4.3%-ით გაიზრდება. სწორედ 4.3%-იანი ზრდაა ჩადებული მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც.

მთავრობისგან განსხვავებული პროგნოზი აქვს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს, რომელიც საქართველოს ეკონომიკის 5.2%-იან ზრდას ვარაუდობს. საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით კი, რომელიც 2020 წის ნოემბერში გამოქვეყნდა, ქვეყნის ეკონომიკა წელს 5,5%-ით გაიზრდება.

რაც შეეხება სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციებს, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 4.6%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო საინვესტიციო კომპანია Galt and Taggart-ის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 5% დან 5.5%-ის ფარგლებში გაიზრდება.

რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, მსოფლიო ბანკის პროგნოზით წელს საქართველოს ეკონომიკის მხოლოდ 4%-იან ზრდას უნდა ველოდოთ. შედარებით განსხვავებულია სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის 4.3%-იან ზრდას ვარაუდობს.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე