სადაზღვევო კომპანია ალდაგმა არსებობის ოცდამეათე წელი წარმატებით დაასრულა. მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში ალდაგის მიერ მომხმარებლისთვის ანაზღაურებულმა თანხამ 90 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
2020 წელს ალდაგმა პანდემიის გამო შექმნილი რეალობის გათვალისწინებით შექმნა 5 ახალი პროდუქტი როგორც საცალო, ისე კორპორატიული მომხმარებლებისთვის. ამ პროდუქტებმა ალდაგის სადაზღვევო სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა.
2020 წლის დასაწყისშივე ალდაგის გუნდმა წარმატებით დაასრულა ციფრული ტრანსფორმაცია, რამაც ალდაგის მომხმარებელს მისცა საშუალება, უწყვეტად ესარგებლათ დაზღვევით, როგორც პოლისის შეძენა-განახლების, ისე ანაზღაურების მიმართულებით. ცვლილება ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით დაინერგა, რამაც მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოების გარანტიები და კომფორტი შეუქმნა. ციფრული ტრანსფორმაციისთვის ალდაგმა გაეროს გლობალური შეთანხმება საქართველოს სოციალური პასუხისმგებლობის კონკურსში გაიმარჯვა და ინოვაციის დანერგვისთვის ჯილდო მიიღო.
დღეს ალდაგის პორტფელშია 100,000 მდე დაზღვეული კლიენტი როგორც კორპორატიულ, ისე საცალო სექტორში. ალდაგი ფლობს ბაზრის 34% წილს აგროდაზღვევაში, 40% წილს ტვირთების დაზღვევაში, 34% ქონების დაზღვევაში და 24% წილს ავტოდაზღვევაში. 30 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ ადამიანებისა და კომპანიებისთვის ანაზღაურებული თანხა 360 მლნ ლარს შეადგენს.
„ალდაგი უნიკალური გამოცდილების მქონე სადაზღვევო კომპანიაა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა და რესურსები იმისათვის, რომ ნებისმიერი კრიზისის პირობებში, როგორი მასშტაბურიც არ უნდა იყოს ის, სწრაფად ადაპტირდეს ახალ რეალობასთან და მომხმარებელს სწორედ ის საჭიროებები დაუკმაყოფილოს, რომელიც იმ მომენტისთვისაა აქტუალური. მიმაჩნია, რომ ჩვენი გუნდისთვის 2020 წელი იყო ერთგვარი ტესტი, რომლის მსგავსიც არაერთხელ გაგვივლია 30 წლის განმავლობაში და ამ ტესტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად ეფექტურად შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი კომპეტენცია ჩვენი მომხმარებლის სასარგებლოდ,“- განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.