ვაქცინაციის დანერგვისთვის საჭირო ეროვნულ გეგმას მინისტრთა კაბინეტი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავს და დაამტკიცებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საქართველო ტექნიკურად მზადაა ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად.
„მოგეხსენებათ, ეს სამუშაო ჯგუფი 15 დეკემბერს შეიქმნა, მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ყველა დაინტერესებულმა მხარემ, ექსპერტებმა, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, დარგის სპეციალისტებმა, ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა, სახალხო დამცველმა.
დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ და ეს გეგმა დავამტკიცოთ, რომლის ძირითადი მიზანი საბოლოო ჯამში არის ის, რომ 2021 წლის ბოლომდე ჩვენი მოქალაქეების მინიმუმ 60% იყოს აცრილი. თუმცა, ამ ძირითად მიზანთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გეგმის ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის, ეტაპობრიობას და იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპების მიხედვით უნდა იყვნენ აცრილები. პირველ ეტაპზე აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, რა თქმა უნდა, ეს იქნებიან სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ უკვე 60-დან 75 წლამდე ყველა ჩვენი თანამოქალაქე. ამ გეგმის შემუშავებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან ერთად, გაწევრიანებულია „კოვაქსის“ პლატფორმაში, რომელიც გულისხმობს ვაქცინის მოწოდებას ქვეყანაში. საქართველომ უკვე განაცხადა, დაახლოებით 5-6 თვის წინ, ამ პლატფორმაზე თავისი მიზნის შესახებ, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყანაში 1.5 მლნ ვაქცინა იყოს მოწოდებული. ჩვენ ეს ფინანსური რესურსიც გადავრიცხეთ. მთავარი მიზანი ახლა არის ის, რომ ტექნიკურ დონეზე ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად, ერთი წლის განმავლობაში, ამ მოცულობის ვაქცინაციის ჩასატარებლად. დღეს საქართველო ტექნიკურად მზადაა ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად. აქ მოგეხსენებათ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ცივ ჯაჭვს და ნებისმიერი ტემპერატურის აუცილებლობის პირობებში, საქართველოს შეუძლია ეს ვაქცინა მიიღოს. ასე რომ, როგორც ტექნიკურად, ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის გადამზადების თვალსაზრისით, ეს გეგმა დღევანდელ გამოწვევებს სრულად პასუხობს", - აღნიშნა გახარიამ.
მისივე თქმით, დღეს, საქართველო ფაქტობრივად მზადაა უახლოეს პერიოდში ვაქცინაციის დასაწყებად.
„როგორც აღვნიშნე, საქართველო არის „კოვაქს“ პლატფორმის წევრი და ჩვენ ამ პლატფორმის საშუალებით მივიღებთ მილიონნახევარ ვაქცინას, თუმცა, მთავრობა ორმხრივ რეჟიმში მოლაპარაკებას აგრძელებს მწარმოებელ კომპანიებთან. საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება ავტორიზებული. ეს არის პრინციპული პოზიცია. ეს არის ზრუნვა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და მათ ჯანმრთელობაზე", - განაცხადა გახარიამ.