ტურისტული სექტორი ითხოვს შეხვედრას იმ სამუშაო ჯგუფთან, ვინც შეზღუდვებზე გადაწყვეტილებებს იღებს.
ამის შესახებ, „ინნ ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
მისივე თქმით, სექტორის წარმომადგენლები მუშაობენ, თუ როგორ შეიძლება აღდგეს ტურიზმი მიმდინარე წელს და ამ კუთხით რამდენიმე მოთხოვნა თუ შეთავაზებაც აქვთ მთავრობასთან. როგორც კოკაია აღნიშნავს, კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანია, საბოლოო გადაწყვეტილი პასუხის მიღება კითხვაზე - მოიხსნება თუ არა შეზღუდვები 1-ელ თებერვალს და მიეცემა თუ არა ტურისტულ სექტორს მუშაობის საშუალება.
„ბოლო 2 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად გვაქვს შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებს. მიდის მოლაპარაკებები ერთმანეთთან, ასევე კომუნიკაცია გვაქვს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამ ეტაპზე რამდენიმე მოთხოვნა გვაქვს - პირველი ყველაზე მთავარი არის - მოგვცენ პირობა დაზუსტებით, რომ 1-ლი თებერვლიდან გავიხსნებით. დიდი იმედი გვქონდა, რომ იანვრის შუა რიცხვებში უკვე გვეცოდინებოდა საბოლოო პასუხი, რადგან 2 კვირა ჩვენთვის არის მინიმალური ვადა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მოვემზადოთ გასახსნელად.
ცალკე საკითხია, ზამთრის კურორტები. ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე გავიხსნათ, რადგან რეალურად დარჩენილია მხოლოდ 1 სამუშაო თვე. თუ თებერვალში არ გავიხსნებით, მარტის დასაწყისიდან ეს სასტუმროები, განსაკუთრებით გუდაურში, ისეც იკეტება ხოლმე. ანუ თუ ამ ბოლო თვეში (თებერვალში) არ გვექნება შემოსავალი, ჩათვალეთ შემდეგ წლამდე არ გვექნება შემოსავალი და ის ხალხი, ვინც დასაქმებული იყო გუდაურში, კიდევ 1 წელი იქნებიან უმუშევრები.
გარდა ამისა, ვმუშაობთ, თუ როგორ შეიძლება აღვადგინოთ ტურიზმი ამ წელს. როგორც ცნობილია, ადამიანს, რომელსაც გადატანილი აქვს კოვიდი, მას აქვს ანტისხეულები და არც თვითონაა საფრთხის შემცველი სხვებისთვის და არც სხვები არიან მისთვის საშიშები. ასეთი ადამიანი მსოფლიოში უკვე 90 მლნ-მდეა. შესაბამისად, თუ მათთვის გავხსნით საზღვრებს, ვერ ვხედავ პრობლემას, თუ რატომ არ ვაკეთებთ ამას დღესვე. ამ შემთხვევაში არა 1-ელ თებერვალს, არამედ დღესვე შეგვიძლია გავხსნათ საზღვრები, თუნდაც, სახმელეთო, რაც მთავარია ჩვენთვის, რადგან ჩვენი ტურისტების 75% იყვნენ სწორედ ხმელეთით შემოსულები. შესაბამისად, თუ გავხსნით სახმელეთო საზღვარს, შეგვიძლია 1-ელ ეტაპზე ეს იმ ადამიანებისთვის გავაკეთოთ, ვისაც ან ვაქცინა აქვს გაკეთებული ან კოვიდი აქვს გადატანილი. რაც შეეხება ამის მენეჯმენტს, თუ ისეთი ქვეყნიდან მოდის ტურისტი, რომლის გაცემული საბუთიც ჩვენთვის დამაკმაყოფილებელია, პირდაპირ შეგვიძლია შემოვუშვათ ქვეყანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შეგვიძლია საზღვარზევე გავუკეთოთ სწრაფი ტესტი,“-განაცხადა კოკაიამ.