BTU სამეცნიერო ჟურნალის გამოცემას იწყებს

Journal of Business and Technology – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალია, რომლის პირველი ნომერიც 2021 წლის ბოლოს გამოვა. ჟურნალი ყოველწლიურად, მხოლოდ ონლაინ ფორმატში, ღია წვდომით გამოიცემა და ინგლისურენოვანი იქნება, რათა წამყვან საერთაშორისო სამეცნიერო წრეებს მასზე წვდომა ჰქონდეთ. გამოცემა მოიცავს სამეცნიერო მასალებსა და პუბლიკაციებს, რომლებიც ბიზნესსა და ტექნოლოგიებს შეეხება.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, მათი სტრატეგია მიმართულია იმაზე, რომ ჟურნალმა სწრაფად მოიპოვოს ავტორიტეტი მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში, გაიზარდოს ციტირების ინდექსი საერთაშორისო დონეზე და შედეგად, გამოცემა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში მოხვდეს.

ჟურნალის სარედაქციო კოლეგია უმაღლესი რანგის საერთაშორისო მეცნიერებით დაკომპლექტდა. მათ შორის არიან: ვებსტერის უნივერსიტეტის (აშშ), ლეიდენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო), ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ესტონეთი), ჰენლის ბიზნესის სკოლის (დიდი ბრიტანეთი), ნიუკასლის ბიზნესის სკოლის (დიდი ბრიტანეთი), შტაინბაისის უნივერსიტეტის (გერმანია), კიოლნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (გერმანია), ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტისა (პორტუგალია) და გაეროს ხელოვნული ინტელექტისა და რობოტიქსის ცენტრის წარმომადგენლები. საქართველოდან სარედაქციო კოლეგიის წევრია ბიზნესისა და ტექნოლოგიების რექტორი, პროფესორი ნინო ენუქიძე და კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია.

სამეცნიერო ჟურნალში BTU-ში ჩატარებული კვლევების პუბლიკაციები გამოქვეყნდება. ამ ეტაპზე უნივერსიტეტის 20-მდე პროფესორი სხვადასხვა კვლევაზე მუშაობს, რომელთა შედეგების შეჯამება და შეჯერება მოხდება და შესაბამისად, მომზადდება ჟურნალის პირველი ნომერი. პარალელურად, BTU-სთან აფილირებულ პირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჟურნალთან თანამშრომლობის შესაძლებლობა ექნებათ.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჟურნალის გამოცემის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდა მეცნიერების სტიმულირებაა. სწორედ ამიტომ შეიქმნება სპეციალური რუბრიკა, რომელიც BTU-ს მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტების პუბლიკაციებს დაეთმობა.