თამარ გაბუნია - ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ვაქცინაცია „ფაიზერის“ ვაქცინით და შემდეგ შევცვალოთ

ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ვაქცინაცია „ფაიზერის“ ვაქცინით და შემდეგ შევცვალოთ. ანუ ის, რომ ქვეყანას შეექმნას რაიმე პრობლემა ვაქცინების ტიპის ჩანაცვლებასთან მიმართებით, ასეთი რამ მოსალოდნელი არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ვაქცინაციის გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას აქვს პირობა შეინახოს სამივე ტიპის ვაქცინა, რომელიც საჭიროებს -80 გრადუსიან ტემპერატურულ რეჟიმს, ასეთია „ფაიზერის“ ვაქცინა, ასევე „მოდერნას“ ვაქცინა, რომელიც საჭიროებს -20 გრადუსიან ტემპერატურულ რეჟიმს და 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინებს.

„ახლა რაც შეეხება პერსპექტიულ ვაქცინებს და ხშირად ისმება შეკითხვა, თუ რომელი ვაქცინა მოხვდება ვაქცინაციის პროგრამაში და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ვაქცინა იმისთვის, რომ პროგრამაში მოვხდეს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენ შევხედოთ ჩვენს ტექნოლოგიურ მზაობას და ცივი ჯაჭვის მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობები ქვეყანაში რამდენად არსებობს. გეგმაშიც ასეა ასახული, რომ ქვეყანას აქვს პირობა შეინახოს სამივე ტიპის ვაქცინა, რომელიც საჭიროებს -80 გრადუსიან ტემპერატურულ რეჟიმს. ასეთია „ფაიზერის“ ვაქცინა, ასევე „მოდერნას“ ვაქცინა, რომელიც საჭიროებს -20 ტემპერატურულ რეჟიმს და 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინები ჩვენთვის არის პრაქტიკულად რუტინული იმუნიზაციის სქემის მოთხოვნა, რასაც ქვეყანა დიდი ხანია შეუფერხებლად ახორციელებს. ამდენად ამ ვაქცინებთან დაკავშირებითაც მზაობა სრულად არსებობს. რაც შეეხება ზოგადად დღეს ბაზარზე რა მდგომარეობა გვაქვს, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ვაქცინაა ავტორიზებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, რომელიც პასუხობს 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურული რეჟიმის მოთხოვნებს, თუმცა არის რამდენიმე ვაქცინა შემუშავების პროცესში. როგორც კი ეს ვაქცინები გახდება ხელმისაწვდომი, ჩვენ მათ შემოტანასაც გავითვალისწინებთ. ახლა ყველაზე ადრე მოსალოდნელია „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანა, პირველივე კვარტალში და ამაზე მიდის მუშაობა „კოვაქსის პლატფორმასთან“ და ასევე, „კოვაქსის პლატფორმასთან“ მიდის მუშაობა „ასტრაზენეკას“ შემოტანაზეც - ეს ორი იქნება ერთმანეთთან ძალიან ახლოს, ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ვაქცინაცია „ფაიზერის“ ვაქცინით და შემდეგ შევცვალოთ,“- განაცხადა გაბუნიამ.