ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველ ეტაპზე მიღებული COVID-19-ის ვაქცინებით დაახლოებით 700 000 ადამიანი აიცრება. როგორც თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის გეგმაზე საუბრისას განმარტა, ეს ის რაოდენობაა, რაც ვაქცინაციის პირველი და მეორე ეტაპისთვის განსაზღვრული ჯგუფების უდიდეს ნაწილს დაფარავს.
„ესაა დაახლოებით 700 000 ადამიანის დოზა. ესაა სამიზნე ჯგუფების დაახლოებით ის რაოდენობა, რომელიც გვაქვს განსაზღვრული ვაქინაციისთვის. პირველი და მეორე ეტაპი, ვიდრე სხვა ჯფუგებზე გადავალთ, დაახლოებით 860 000 ადამიანია, შესაბამისად 700 000 ის რაოდენობაა, რაც პირველი და მეორე ეტაპისთვის ჯგუფების უდიდეს ნაწილს დაფარავს, თუმცა რეალურად არსებობს კარგი პერსპერქტივა, რომ დამატებითაც მოხდეს. ყველაზე მეტად გარანტირებული და ყველაზე ახლოს ჩვენთვის არის COVAX-ის გზით მიღებული ვაქცინები, რასაც პირველი კვარტლიდან ველოდებით, თუმცა შემდეგ ბაზარზეც გამრავლაფეროვნდება ვაქცინების არჩევანი და ხელმისაწვდომობაც",-აღნიშნა მან.
თამარ გაბუნიას თქმით, კოვაქპლატფორმასთან საუბარი „ფაიზერის“ და „ასტრა ზენეკას“ ვაქცინებზე მიდის და თითქმის ხელშეკრულების ეტაპზე ვართ. „ფაიზერის“ ვაქცინასთან მიმართებაში იანვრის ბოლომდე უნდა მივიღოთ პასუხი და პირველ თებერვალს გვეცოდინება ლოჯისტიკური დეტალები“,-აღნიშნა მან.