PwC: 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა რეკორდული ტემპებით გაიზრდება

PwC-ის ექსპერტების პროგნოზით, 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 5% იქნება, რაც გახდება ყველაზე დიდი გლობალური ზრდის მაჩვენებელი XXI საუკუნეში. თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ზუსტი პროგნოზი დამოკიდებული იქნება ვაქცინაციის ტემპებზე. პროგნოზების რეალისტურობაზე ასევე გავლენას ახდენს მონეტარული, ფინანსური და ფისკალური მხარდამჭერი ზომების ხანგრძლივობაც.

PwC-ის უფროსი ეკონომისი ბარეტ კუპელიანი აცხადებს, რომ ცალკეულ განვითარებულ ქვეყნებში 2021 წლის პირველ კვარტალში მოხდება პროდუქციის წარმოების შემცირება, რაც გამოწვეული იქნება პანდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ახალი შემზღუდავი ზომების შემოღებით.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია წლის მეორე ნახევრიდან, მას შემდეგ, რაც წარმატებით წარიმართება ვაქცინაციის პროცესი მჭიდროდ დასახლებული ქვეყნების უმეტესობაში.

საბაზრო გაცვლითი კურსების გათვალისწინებით, გლობალური მშპ-ს ზრდა შეადგენს 4,7%-ს, ხოლო მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 5,1%-ს. უკვე 2022 წელს არსებული პროგნოზით, მაჩვენებლები გაიზრდება 3,7-4%-ით. დიდ შვიდეულში შემავალი ქვეყნების ეკონომიკების საშუალო ზრდა კი მიმდინარე წელს იქნება 3,7%, ხოლო 2022 წელს 3,1%.

მოსალოდნელია, რომ აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი წელს 3,6% იქნება, ხოლო 2022 წელს - 3,2%. ჩინეთის ეკონომიკა წელს 8%-ით, ხოლო მომავალ წელს 5,4%-ით გაიზრდება. დიდ ბრიტანეთში ეკონომიკა 3,5%-ით გაიზრდება წელს, ხოლო 6%-ით - 2022-ში. რაც შეეხება ევროზონას, იქ 2021 წელს მოსალოდნელია 4,2%-იანი ზრდა, ერთი წლის შემდეგ კი 3,3%.

PwC-ის პროგნოზების თანახმად პანდემიამდელი საქონელწარმოება შესაძლოა, აღდგეს ამ წლის ბოლოსკენ ან 2022 წლის დასაწყისისთვის. თუმცა აღდგენის პროცესი არ იქნება ყველგან ერთნაირი.

ქვეყნები, რომელთა ეკონომიკა მომსახურების სფეროზეა დაფუძნებული, ესეთები როგორიცაა საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი ან იმ ქვეყნების ეკონომიკა, რომლებიც მეტწილად ექსპორტზე არიან დამოკიდებულები, როგორებიცაა იაპონია და გერმანია, 2021 წლის ბოლოსთვის ვერ აღიდგენენ პანდემიამდელ ტემპებს. ამასთან, ჩინთის ეკონომიკამ უკვე გადააჭარბა მაჩვენებლებს, რომლებიც პანდემიამდე ჰქონდათ.

ამასთან, მსოფლიო სავალუტო ფონდის მონაცემებით, დიდი შვიდეულის ქვეყნებში სახელმწიფო ვალი 4 ტრილიონი დოლარით გაიზრდება, ეს ბევრად ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე, როცა 7 ტრილიონს შეადგენდა. PwC-ის ექსპერტების ცნობით, დიდი შვიდეულის წვერი ქვეყნების სახელმწიფო ვალი მათი მშპ-ს 140%-ს შეადგენს.

განვითარებადი ქვეყნებში კი სახელმწიფო ვალის მოცულობა 2 ტრილიონი დოლარით გაიზრდება.

პირველად ისტორიაში 2021 წელს, PwC-ის პროგნოზით აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი გაერთიანდებიან კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. ექსპერტებს აქვთ მოლოდინი ამერიკის პარიზის შეთანხმებაში დაბრუნების შემდეგ უკვე გაზაფხულზე გაიმართება დიდი სამიტი, რომელიც კლიმატურ ცვლილებებს მიეძღვნება.

ევროკავშირში შემავალი ქვეყნები უკვე აპრილისთვის მზად უნდა იყვნენ წარმოადგინონ ენერგეტიკული სექტორის ცვლილების და ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლის გეგმა. არის მოლოდინი, რომ ევროკომისია გასცემს ტრანშებსა და კრედიტებს ევროზონის ქვეყნების მშპ-ს 0,5%-ის ოდენობით, რათა დააჩქაროს ამ პროგრამების რეალიზება.

თავის მხრივ, ჩინეთში დაიწყება ახალი ხუთწლიანი გეგმის რეალიზება, რომელიც ითვალისწინებს ენერგოეფექტურობას.

PwC-ის ექსპერტები მოელიან, რომ პირველად ისტორიაში „მწვანე“ ობლიგაციების მოცულობა გადასცდება 500 მილიარდ დოლარს. ობლიგაციებზე, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულია ეკოლოგიურ პროექტებთან, ამჯერად ფასიანი ქაღალდების ბაზრის მხოლოდ 5% მოდის.

ექსპერტების აზრით, 2021 წელს მსოფლიოს უმსხვილესი ბანკები განაგრძობენ რბილი ფულადი პოლიტიკის გატარებას, ამერიკის ფედრეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთი უფრო დიდი ხნით დარჩება დაბალ ნიშნულზე, ვიდრე აქამდე იყო დაგეგმილი.

ევროპის ცენტრალური ბანკი ასევე გადახედავს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოს წარმოადგენს საბოლოო შედეგებს. ექსპერტების აზრით, ევროპის ცენტრალური ბანკი ამერიკის ფედრეზერვის გამოცდილებას მიჰყვება.

მსოფლიო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2021 წელს იტალიის მშპ 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს, რისი წყალობითაც ქვეყანა უმსხვილესი ეკონომიკების მქონე ქვეყნების რიგებში დაბრუნდება. ამ ჯგუფში შედიან აშშ, ჩინეთი, გერმანია და ინდოეთი.

როგორც ცნობილია, ინდოეთი მეხუთე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გახდა საბაზრო გაცვლითი კურსების შედეგად 2019 წელს და გაასწრო დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს. PwC-ის ექსპერტების აზრით, ცვლილებები გაცვლით კურსებს შორის იძლევა პროგნოზირების საშუალებას, რომ ინდოეთი 2021 წელს პოზიციას დაუთმობს დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს, თავად კი მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლებს მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის.

PwC-ის პროგნოზით, ნავთობზე ფასი დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება, მისი საშულო ფასი ბარელზე 60 დოლარზე ნაკლები იქნება. თუმცა არაა გამორიცხული ფასმა წლის მეორე ნახევარში მოიმატოს, ნავთობზე მოთხვნის ზრდასთან ერთად, რომელსაც წარმატებულმა ვაქცინაციის პროცესმა შესაძლოა, შეუწყოს ხელი.

კოკა კვირკველია