"შეზღუდვების სიმკაცრით საქართველო მე-8 ადგილზეა მსოფლიოში"

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევით, საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომლებსაც ყველაზე მკაცრი შეზღუდვები აქვთ დაწესებული კორონა-ვირუსთან ბრძოლის მიზეზით,- ამის შესახებ "ლელოს" წევრმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ლელო საქართველოსთვის“ მოითხოვს, მთავრობამ საზოგადოებას ჩააბაროს 2 თვიანი მკაცრი შეზღუდვებისა და ეკონომიკის ჩაკეტვის შედეგების თაობაზე ანგარიში.

„160 ქვეყანას შორის საქართველოზე მკაცრი შეზღუდვები მხოლოდ 7 ქვეყანას აქვს. შეფასება ეფუძნება 18 ინდიკატორს და ის მოიცავს ისეთი სახის შეზღუდვებს, როგორიცაა მაგალითად, სკოლების დახურვა, საზღვრების ჩაკეტვა და სხვა. „ლელო საქართველოსთვის“ მოითხოვს მთავრობისგან, საზოგადოებას ჩააბაროს 2 თვიანი მკაცრი შეზღუდვებისა და ეკონომიკის ჩაკეტვის შედეგების თაობაზე ანგარიში, რომელშიც ხალხმა დიდი ფასი გადაიხადა. მან უნდა გააკეთოს განმარტებები, რა გაკეთდა ვირუსის უკეთ სამართავად, მათ შორის, როგორ დაიხარჯა დონორებისგან მიღებული თანხები. შეზღუდვების მოხსნას ელოდება არა მხოლოდ ათასობით ბიზნეს-სუბიექტი, არამედ 200 000-მდე უმუშევრად დარჩენილი მოქალაქე",-აღნიშნა მან.

აღნიშნულ ინფორმაციას "ლელო საქართველოსთვის" ავრცელებს.