ბიზნესის ინტერესთან ერთად მოქალაქეთა ინტერესიც უნდა დავიცვათ - მოქალაქეთა ინტერესი არა მხოლოდ მაღაზიაში სიარულია, არამედ პირველ რიგში ჯანმრთელობის უზრუნველყოფა,- ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან წერტილოვანი შეზღუდვების მოხსნის თაობაზე ბიზნესის მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, წერტილოვანი შეზღუდვები საშუალებას აძლევს ხელისუფლებას ყველაფერი არ დაკეტოს და შეარჩიოს სწორი და მიზნობრივი ღონისძიებები. ცქტიშვილის თქმით, წერტილოვანი შეზღუდვების პოლიტიკა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მსოფლიო არ განიკურნება ვირუსისგან.
„წერტილოვანი შეზღუდვების პოლიტიკა არ არის მხოლოდ საქართველოს გამოგონება, ეს არის ის სტრატეგია, რომელსაც მთელი მსოფლიო ირჩევს იმისთვის, რომ ნაკლები ზიანი მიაყენოს ეკონომიკას. წერტილოვანი შეზღუდვები ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ ერთი მხრივ ვირუსის გავრცელება შევაკავოთ და მეორე მხრივ ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას. ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვების პოლიტიკა გაგრძელდება მანამ, სანამ მსოფლიო არ განიკურნება ვირუსისგან. რაც შეეხება პირველ თებერვალს, შეიძლება იყოს პირველი თებერვალი, შეიძლება იყოს სხვა თარიღი, ყველა ტიპის შეზღუდვის როგორც დაწესება, ასევე მოხსნა ხორციელდება უშუალოდ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით. სწორედ ამაზე გვექნება ხვალაც საუბარი საბჭოზე. ეს საბჭოს შეკრებების ერთ- ერთი განსახილველი თემა არის ყოველთვის და შესაბამისად ისევ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ძალიან კარგად გვესმის ყველას, რომ ბიზნესის ინტერესი არის შეზღუდვების სრული მოხსნა, თუმცა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ ბალანსზე, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ შეზღუდვების არსებობასა და ვირუსის გავრცელებას შორის. ამიტომ ბიზნესის ინტერესთან ერთად მოქალაქეთა ინტერესიც უნდა დავიცვათ და მოქალაქეთა ინტერესიც ასევე არა მხოლოდ მაღაზიაში სიარულია, არამედ პირველ რიგში მოქალაქეთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. ამიტომ, ანალიზი უნდა მოხდეს ამ ერთობლივ ჭრილში,"- განაცხადა ცქიტიშვილმა.