სტრასბურგის სასამართლოს ინფორმაციით, ზიანის ანაზღაურებისა და სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება გადაიდო

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ინფორმაციით, „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით ქართული მხარის მიერ წარდგენილი საჩივრიდან საკითხი, რომელიც ევროპული კონვენციის დარღვევისათვის “სამართლიან დაკმაყოფილებისა“ და ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

„განმცხადებელი მთავრობა დარღვევებისთვის სამართლიან დაკმაყოფილებასა და დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა“, - აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი განმარტებით, საქართველოს მიერ წარდგენილ საჩივარში შემავალი ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხი, რომელიც ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს, გადაწყვეტილებისთვის მზად არ არის და შესაბამისად, სრულად უნდა გადაიდოს.

„სასამართლო ერთხმად ადგენს, რომ კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენების საკითხი გადასაწყვეტად მზად არ არის და შესაბამისად, სრულად უნდა გადაიდოს,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათი განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ მხარეებს მოსაზრებების წერილობითი სახით წარსადგენად 1 წელი მისცა.

„შესაბამისად, სასამართლო იწვევს განმცხადებელ მთავრობასა და მოპასუხე მთავრობას, ამ განაჩენის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 12 თვის განმავლობაში წერილობით წარადგინონ თავიანთი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით და აცნობონ სასამართლოს ნებისმიერი შეთანხმების შესახებ, რომლის მიღწევასაც შეძლებენ,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.