"მოსახლეობის პრიორიტეტულ ჯგუფებს შევთავაზებთ იმ ავტორიზებულ ვაქცინას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება"

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილმა განაცხადებით, მოსახლეობის პრიორიტეტულ ჯგუფებს შესთავაზებენ იმ ავტორიზებულ ვაქცინას, რომელიც ბაზარზე ხელმისაწვდომი იქნება.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა ყველა ის ვაქცინა მიიღოს, რომელიც დღეის მდგომარეობით ბაზარზე ხელმისაწვდომია.

მანვე აღნიშნა, რომ ჩვენნაირი განვითარების დონის ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოს აქვს რესურსი და ტექნიკური შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმის დაკმაყოფილებით, ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად წარმართოს.

“ვაქცინების შერჩევის პროცესში, პირველ რიგში, გავითვალისწინებთ საერთაშორისო ავტორიზაციას და რომელი ვაქცინაც იქნება ლიცენზირებული, მზად ვართ, რომ შევიძინოთ. არავითარი მნიშვნელობა არ ექნება იმას, თუ რომელი ქვეყნის, ან რომელი მწარმოებლის ვაქცინაზეა საუბარი. რადგანაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესი წარიმართოს რაც შეიძლება სწრაფად, რომელი ავტორიზებული ვაქცინაც იქნება პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომი, მას შევთავაზებთ მოსახლეობის პრიორიტეტულ ჯგუფებს. შემდგომში კი ბაზარზე უკვე სხვადასხვა ფირმის მეტი ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი”, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.