უნგრეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც რუსული ვაქცინა „Sputnik V“ დაარეგისტრირა.
BBC-ის ინფორმაციით, უნგრეთი რუსული ვაქცინით მოსახლეობის აცრას თებერვლიდან დაიწყებს. ამას გარდა ქვეყანაში ასევე გამოიყენებენ ბრიტანულ AstraZeneca-ს ვაქცინას.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მედიკამენტების ევროპულ სააგენტოს კორონავირუსის წინააღმდეგ ამ ორი ვაქცინიდან ავტორიზაცია არცერთისთვის არ გაუცია.
BBC-ის მიხედვით, უნგრეთის ხელისუფლება უახლოეს მომავალში ასევე გეგმავს ჩინური ვაქცინის 1 მილიონი დოზის შეძენას.
უნგრეთში პანდემიის დაწყებიდან კორონავრუსის 355 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 11 713 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის ქვეყანაში ვაქცინაცია 140 000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.