აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა წარადგინა, რომელსაც მან „ომის პერიოდის ვალდებულება“ უწოდა.
”როდესაც ომის დროს ვახსენებ, ხალხი მიყურებს, როგორ „ომის დრო?” ვირუსისგან 400 000 ამერიკელი გარდაიცვალა. ეს უფრო მეტია, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპა,“- განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ეპიდსიტუაცია გაუარესდება და თებერვალში ვირუსისგან დაღუპულთა რაოდენობამ აშშ-ში, შესაძლოა, ნახევარ მილიონს გადააჭარბოს, თუმცა, საბოლოოდ, ქვეყანა პანდემიის დამარცხებას შეძლებს.
„სიტუაცია გაუარესებას განაგრძობს, ვიდრე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. სავარაუდოდ, მომავალ თვეში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 500 000-ს გადააჭარბებს, მაგრამ ჩვენ ამას გადავლახავთ, ჩვენ ამ პანდემიას დავამარცხებთ,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა კოვიდ 19-თან ბრძოლის გეგმის ფარგლებში 10 აღმასრულებელ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, აშშ-ში ჩასულ საერთაშორისო მგზავრებს კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას და აშშ-ში ჩასვლის შემდეგ კარანტინის გავლას ავალდებულებს.