2020 წელს, საქართველოში, 700-ზე მეტმა ფერმერმა მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის მხარდაჭერით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგებში.
FAO-ს ადგილობრივებმა და საერთაშორისო აგრონომებმა პრაქტიკული განათლების მეთოდზე დაფუძნებული ტრენინგები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს.
ვიდეომასალა, სინქრონები და თარგმანი იხილეთ აქ: https://we.tl/t-LuMbELO8BD
სასწავლო შეხვედრების თემატიკა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, ნიადაგის მომზადებით და სათესლე მასალის შერჩევით დაწყებული, ირიგაციით, მოსავლის აღება-შენახვითა და ბაზრამდე ტრანსპორტირებით დამთავრებული. ფერმერებს საშუალება ჰქონდათ პროცესებს დაკვირვებოდნენ და საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები შეესწავლათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოწყობილ 40-ზე მეტ სადემონსტრაციო ნაკვეთზე. ფერმერებმა მიღებული ცოდნა და გამოცდილება საკუთარ მეურნეობებშიც წარმატებით დანერგეს.
კახეთში ტრენინგების სპეციალური სერია ჩატარდა თხილის მწარმოებლებისთვის. 263-მა ფერმერმა თხილის მოვლა-მოყვანის, მოსავლის შემდგომი დამუშავების და სხვადასხვა ასაკის ხეების გასხვლის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.
საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში - კახეთის, ქვემო და შიდა ქართლის, იმერეთის, გურიის და აჭარის რეგიონებში - ტრენინგები კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობას შეეხო. განხილულ თემებს შორის იყო წვეთოვანი მორწყვა, ნიადაგის მინამალური და ნულოვანი დამუშავება, მულჩირება და მავნებლების ინტეგრირებული მართვა.
“სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგია. სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული როგორც საქართველოს მოსახლეობის ნახევრის შემოსავლები და კეთილდღეობა, ასევე ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება. პანდემიამ კი ეს სექტორი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა. ევროკავშირი და FAO ერთად ვმუშაობთ ფერმერთა პროდუქტიულობის გასაზრდელად, რისთვისაც მათ თანამედროვე, ეკოლოგიურად მდგრად და ხარჯეფექტიან სასოფლო-სამეურნეო მეთოდებს ვაცნობთ. ქვეყნის მასშტაბით სადემონსტრაციო ნაკვეთებს ვქმნით და ექსტენციის უფრო ეფექტიან და თანამედროვე მეთოდებს ვნერგავთ. შედეგად, ჩვენმა არაერთმა ბენეფიციარმა წარმოება 40%-ით გაზარდა, ხოლო ხარჯები 30%-ით შეამცირა. ახალ ცოდნას და ტექნოლოგიებს ფერმერები ერთმანეთს ენთუზიაზმით უზიარებენ, რაც პროდუქტიულობის ზრდისთვის ასევე მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ჟორჟ დეუ, ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერი.
„ქართველ ფერმერებს შეუძლიათ სოფლის მეურნეობიდან მეტი შემოსავლის მიღება. ახალი სასოფლო-სამეურნეო მეთოდების დანერგვით, FAO და ევროკავშირი ქართველ ფერმერებს ნაკლები დანახარჯით უკეთესი მოსავალის მიღებაში ეხმარებიან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია COVID-19-ის პანდემიის პირობებში,“ - აცხადებს ხავიერ სანს ალვარესი, FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორი.
ლალი სიხაშვილს, ფერმერს ახმეტის მუნიციპალიტეტიდან, 0.27 ჰექტარზე ნესვი მოჰყავს. ის FAO-ს სატრენინგო პროგრამაში ჩაერთო და სიხარულით დათანხმდა, რომ მისი მეურნეობა სადემონსტრაციო ნაკვეთად ქცეულიყო. FAO-ს აგრონომებმა ლალის კონსულტაციები გაუწიეს მეურნეობის გასაუმჯობესებლად, ასევე, წვეთოვანი სარწყავი სისტემა და სეტყვისგან დამცავი ბადეები დაუყენეს, რამაც სეტყვით გამოწვეული ზარალი მინიმუმამდე დაიყვანა.
ლალის ნაკვეთზე რეგულარულად ტარდებოდა ტრენინგები. მეურნეობაში დანერგილი ახალი მეთოდებით არა მარტო ადგილობრივი ფერმერები, არამედ ახლომდებარე თემების მოსახლეობაც ინტერესდებოდა. „ახლა ძალიან რთული დროა პანდემიის გამო. გამიჭირდა წელს ჩემი მოსავლის გაყიდვა, მაგრამ იმის მერე, რაც წვეთოვანი ირიგაციის სისტემა დავაყენე, ნესვის მოსავლის აღება მაშინაც მოვახერხე, როცა მეზობელ ნაკვეთებზე მოსავალი უკვე მილეული იყო,“ - ამბობს ლალი.
FAO-ს სატრენინგო პროგრამა მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, სასოფლო-სამეურნეო სეზონის დასრულების შემდეგაც. აგრონომები ფერმერებს ეხმარებოდნენ როგორც ღია ნაკვეთების მოწყობაში, ასევე სასათბურე მეურნეობების სწორად გაშენებასა და მართვაში.
წვეთოვანი სარწყავი სისტემები, ბაზოების მოწყობა და მულჩირება რამდენიმე საჩვენებელ ნაკვეთზე იქნა დანერგილი და, შედეგად, კარგი მოსავალი მოვიდა. სადემონსტრაციო ნაკვეთები შემდეგი კულტურებისთვის მოეწო: კომბოსტო (სოფელი თამარიანი, ლაგოდეხი), სალათი (ჩადუნიანი, ლაგოდეხი), კიტრი (ოფშკვითი, წყალტუბო), მწვანე ხახვი, ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი (ჩიაური, ლაგოდეხი).
წვეთოვანი სარწყავი სისტემების მეშვეობით, წყლის უკეთესი განაწილება და მცენარეებში სასუქის საჭირო რაოდენობის შეტანა ხარჯების შემცირების საშუალებას იძლევა.
FAO-ს და ევროკავშირისს მხარდაჭერით დანერგილ კიდევ ერთ ინოვაციას ნიადაგის მინიმალური და ნულოვანი დამუშავება წარმოადგენს. ეს მეთოდი ხორბლის, ქერის, სიმინდის და სხვა კულტურების მოსაყვანად გამოიყენება.
ნიადაგის ნულოვანი დამუშავება დამზოგავი, კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო მეთოდია, ის ნიადაგის მინიმალურ დაზიანებას გულისხმობს, ტრადიციული ღრმა მოხვნისგან განსხვავებით. ეს მეთოდი არა მხოლოდ ეკონომიურია, არამედ ნიადაგს ეროზიისგან და კლიმატის ცვლილების გამო გახშირებული ხანმოკლე გვალვებისგანაც იცავს. ეს მიდგომა, კახეთსა და შიდა ქართლი წარმატებით იქნა გამოყენებული 200 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე.
სწავლების პროცესი არც პანდემიის პირობებში შეჩერებულა, FAO-მ და ევროკავშირმა აქტიურად გააგრძელეს ტრენინგების პროგრამა ქართველი ფერმერებისთვის, მთავრობის მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით.
ევროკავშირის და FAO-ს ფერმერების მხარდამჭერი პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის და ფერმერთა წარმატების ისტორიების გასაცნობად ეწვიეთ https://eu4georgia.ge/goodharvest/.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პროგრამის დახმარებით. პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 234.5 მილიონ ევროს შეადგენს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge.