პლატინას ფასი 5-წლიან მაქსიმუმზეა

მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოყოლებული პლატინაზე ფასი 6,5%-ით არის გაზრდილი. ამ ძვირფას მეტალზე ფასმა ერთ უნციაზე 1130 დოლარს მიაღწია, რაც 2016 წლის შემდეგ მაქსიმალური ღირებულებაა - წერს Trading Economics.

აპრილის კონტრაქტებზე კოტირება ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟაზე NYMEX გუშინ 3%-ით გაიზარდა და 1151 დოლარი შეადგინა.

ბოლო სამ თვეში კი ფიუჩერსის ღირებულებამ 29%-ით მოიმატა, ხოლო გასული წლის მარტიდან მოყოლებული, როცა მისი ფასი ბოლო 18 წლის მინიმუმზე იყო, ორჯერ გაიზარდა.

სტაბილური ინტერესი ამ მეტალისადმი განპირობებულია გლობალურად სუფთა ენერგეტიკასადმი დაინტერესებით, აღნიშნავენ ექსპერტები. კონკრეტულად კი შენარჩუნებულია მოთხოვნა სააავტომობილო მრეწველობის მხრიდან, ვინაიდან პლატინა და პალადიუმი გამოიყენება ავტომობილების კატალიზატორის წარმოებისთვის.

რაც შეეხება ოქროს ფასს, ის 0,1%-ით შემცირდა 1865 დოლარამდე ერთ უნციაზე. ვერცხლის ფასი კი 0,3%-ით გაიზარდა 25,84 დოლარამდე უნციაზე, ხოლო პალადიუმის ფასმა 0,7%-ით იკლო 2387 დოლარამდე ერთ უნციაზე.

კოკა კვირკველია