ფქვილზე სუბსიდია გაიზარდა - როგორია მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია გაიზარდა. ამის შესახებ დადგენილება უკვე გამოქვეყნდა.

კერძოდ, მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, სუბსიდიის მოცულობა ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არაუმეტეს 15 ლარი იქნება.

„ეთხოვოს პურის მრეწველთა კავშირს, სააგენტოს მიაწოდოს პურის მწარმოებელთა სია, რომელთა თანხმობის საფუძველზეც სააგენტო შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას პურის მწარმოებელთა შესახებ, რომლებსაც დადგენილების ამოქმედებიდან უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით შესყიდული აქვთ არანაკლებ 75 ტონა ფქვილისა ან იმპორტირებული აქვთ არანაკლებ 140 ტონა ხორბლისა,“-აღნიშნულია დადგენილებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სექტორის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ 1 ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილის ღირებულება 67-68 ლარამდე გაიზარდა, შესაბამისად 10 ლარიანი სუბსიდია, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდა, საკმარისი აღარ იყო. დარგის წარმომადგენლები მთავრობისგან სუბსიდიის გაზრდას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალ ტენდერში რომელიც 20 იანვრის შემდეგ უნდა გამოცხადებულიყო, შესაძლოა, ბევრ კომპანიას მონაწილეობა აღარ მიეღო.

სუბსიდიის გაზრდილი მოცულობა 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით რეალიზებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებაზე გავრცელდება. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევისთვის კი მეწარმე 50 ათასი ლარით დაჯარიმდება.

ცნობისთვის, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამა 1-ელ დეკემბერს დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება. არსებული ინფორმაციით, სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ პირველ ტენდერში 8 წისქვილ-კომბინატმა გაიმარჯვა, რომელიც 52 პურის ქარხანას 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილს ფიქსირებულ, 53 ლარად აწვდის, ხოლო მეორე ტენდერი 25 იანვრისთვის გამოცხადდება.

თაია არდოტელი