2020 წელს საცხებ-საპოხი მასალების, საავიაციო ნავთისა და სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 19,08 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,26 ათასი ტონით ანუ 6,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (20,34 ათასი ტონა) შედარებით.

მათივე ინფორმაციით, 2020 წელს საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 5,59 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 3,26 ათასი ტონა (17,1%); გერმანია - 1,66 ათასი ტონა (8,7%); ირანი - 1,28 ათასი ტონა (6,7%); და სხვ. გასული წლის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 56,4 ათასი ტონა, რაც 45,4 ათასი ტონით ანუ 44,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (101,8 ათასი ტონა) შედარებით.

"2020 წელს საავიაციო ნავთის იმპორტის 78,5% (44,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 15,8% (8,9 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 3,9% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან; 1,8% (1,0 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან. 2020 წელს სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 128,7 ათასი ტონა, რაც 41,3 ათასი ტონით ანუ 24,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (170 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის 63,8% (82,1 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 20,7% (26,6 ათასი ტონა), ირანის ისლამური რესპუბლიკა - 7,1% (9,1 ათასი ტონა), რუსეთი - 5,6% (7,2 ათასი ტონა), თურქეთი - 1,9% (2,4 ათასი ტონა), სომხეთი - 0,7% (0,9 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 0,1% (0,2 ათასი ტონა); ალბანეთი - 0,1% (0,2 ათასი ტონა). 2020 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტისა და შესაბამისად, მოხმარების კლება ძირითადად დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიასა და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებთან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.