KTW ჯგუფმა, როგორც ნოვატორმა კომპანიამ ქართული მეღვინეობის ისტორიაში პირველად გამოუშვა 10 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საჯარო ობლიგაციები, რომელმაც საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია ინვესტორების მხრიდან.
უახლოეს მომავალში იგეგმება ობლიგაციების სავაჭროდ დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე. აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვანი გამოწვევაა როგორც ქართული მეღვინეობისთვის, ასევე სრულიად სოფლის მეურნეობის სექტორისთვის.
ფასიანი ქაღალდების წლიური ფიქსირებული განაკვეთი 9.00%-ს შეადგენს და გადაიხდება კვარტალურად. ეს კომპანიისთვის პირველი ემისიაა, რაც მისი დაფინანსების წყაროს ეფექტური დივერსიფიკაციის საშუალებას იძლევა. KTW ჯგუფი 25 წლიანი მოღვაწეობის ისტორიაში პირველად აძლევს საზოგადოებას შესაძლებლობას, აღნიშნულ სექტორში ფულადი სახსრები დააბანდოს.
მსოფლიოში არსებული ეპიდვითარების მიუხედავად, რამაც სრულად შეცვალა ბიზნეს გარემო და ეკონომიკა, ინვესტორების მხრიდან ინტერესი KTW ჯგუფის ფასიანი ქაღალდების მიმართ საკმაოდ მაღალია. აღნიშნული ფაქტორი კომპანიის სანდო რეპუტაციაზე მიუთითებს.
KTW ჯგუფის ფასიანი ქაღალდების განთავსების აგენტი და ფინანსური მრჩეველია წამყვანი საინვესტიციო კომპანია „GALT & TAGGART”-ი. ობლიგაციებით დაინტერესებულ ინვესტორთა წრე საკმაოდ მრავალფეროვანია, რაც მეორადი ბაზრის ლიკვიდურობისთვის კარგი საფუძველია. მათ რიცხვში შედიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირები.
KTW ჯგუფი მადლობას უხდის საზოგადოებას დაინტერესებისთვის და ნდობისთვის.
(R)