2020 წლის იანვარ-დეკემბერში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 9 მილიარდ ლარზე მეტი შევიდა, რაც წლიური გეგმის 104%-ია

2020 წლის იანვარ-დეკემბერში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 9 მილიარდ ლარზე მეტი შევიდა, რაც წლიური გეგმის 104%-ია, - ამის შესახებ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული.

უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო ბიუჯეტმა გასულ წელს გადასახადების სახით 9 364 779.4 ათასი ლარი მიიღო, მათ შორის: შემოსავალზე, მოგებაზე და კაპიტალის ღირებულების ნაზარდზე გადასახადების სახით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 3 999 280.7 ათასი ლარი, რაც გეგმის 104.4%-ია; საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტმა 3 079 840.1 ათასი ლარი მიიღო, რაც საპროგნოზო მოცულობის 103%-ია; მოგების გადასახადის სახით მიღებული შემოსავლების მოცულობამ 919 440.6 ათასი ლარი შეადგინა და გეგმა შესრულდა 109.5%-ით; გადასახადებმა ქონებაზე შეადგინა 2.1 ათასი ლარი.

ამასთან, საქონელსა და მომსახურებაზე გადასახადებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 5 537 551.4 ათასი ლარი, რაც გეგმის 109%-ია; მათ შორის: დამატებული ღირებულების გადასახადის სახით ფაქტიურად მიღებულია 3 918 159.1 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 104.4%; აქციზის სახით მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 1 619 392.3 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის 122.2%-ია; იმპორტის გადასახადის სახით ბიუჯეტმა 74 369.0 ათასი ლარი მიიღო, რაც გეგმის 106.2%-ია.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში 18 037 718.6 ათასი ლარი შეადგინა, მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მიღებულია 10 488 126.3 ათასი ლარის მოცულობით, არაფინანსური აქტივების კლებით მიღებულმა შემოსულობებმა შეადგინა 98 153.9 ათასი ლარი, ფინანსური აქტივების კლებით მიღებული იქნა 163 357.5 ათასი ლარი, ხოლო ვალდებულებების ზრდით 7 288 080.9 ათასი ლარი.