,,რეალიზაციაში 7%-იანი კლება გვაქვს“ -  როგორი იყო პანდემიური 2020 „ბეკოსთვის“

რთული წლის მიუხედავად, 5 ახალი მაღაზია და 128%-ით გაზრდილი ონლაინ რეალიზაცია - ასეთი იყო „ბეკოსთვის“ 2020 წელი. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი აცხადებს, გასულ წელს მთლიანად რეალიზაცია 7%-ით შეუმცირდათ.

,,საკმაოდ რთული იყო ,,ბეკოსთვის“ პანდემიური წელი. აპრილსა და მაისში საერთოდ დაკეტილები ვიყავით, ასევე დეკემბერში. არადა, ეს თვე ვაჭრობის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, წინა წლებთან შედარებით რეალიზაცია ბევრად ნაკლები იყო დეკემბერში.

წლის შემაჯამებელი შედეგი კი ჩვენთვის ასეთია - რაოდენობრივად რეალიზაციაში 7%-ით გვაქვს კლება, თუმცა ლარის გაუფასურების გამო თანხობრივი მატება 3%-ია წლიურ ჭრილში. მიუხედავად რთული წლისა, 5 ახალი მაღაზიის გახსნა მოვახერხეთ მთელი საქართველოს მასშტაბით დილერებთან ერთად.

ასევე პოზიტიური მომენტია ისიც, რომ არ გაგვიშვია არცერთი თანამშრომელი პანდემიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი იდგა დღის წესრიგში, ჩავთვალეთ, რომ უნდა გაგვეთვალისწინებინა მათი მდგომარეობა. მოგეხსენებათ, ყველა დასაქმებულის უკან ოჯახებია. იმედია 2021 წელსაც არ მოგვიწევს არცერთ დასაქმებულთან დამშვიდობება. ამ მხრივ მაქსიმალურად ვიკავებთ თავს“, - ამბობს მელექი.

,,ბეკოს“ გენერალური დირექტორის თქმით, ონლაინ გაყიდვების კუთხით კომპანია 2021 წლის პირველივე კვარტალში შესთავაზებს მომხმარებელს სასიამოვნო სიახლეებს.

,,ჩვენ, უკვე ბოლო სამი წელია რაც გვაქვს ონლაინ მაღაზია. გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ საქართველოში ყველაზე დიდ ონლაინ მაღაზიებთანაც, დაახლოებით 15 მაღაზიასთან. საკმაოდ გაიზარდა ,,ბეკოს“ ონლაინ მაღაზიის რეალიზაცია 128%-მდე. ამის გარდა, სხვა ონლაინ პლატფორმებზეც დაახლოებით სამჯერ მოხდა ზრდა. ამ მხრივ საკმაოდ წარმატებულად მივდივართ. წლის განმავლობაში კი, პირველ კვარტალშივე გვექნება ამ კუთხით სასიამოვნო სიურპრიზები და სიახლეები მომხმარებლისათვის“- უთხრა მეჰმედ მელექმა ,,ბიზნესპრესნიუსს“.

თამარ მუკბანიანი