სემეკის ვებ-გვერდზე ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სხვაობის სუბსიდირებაზე უარის თქმის პლატფორმა ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პლატფორმაზე საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს. ხოლო უარის დაფიქსირება იანვარის სუბსიდირებაზე შესაძლებელია 31 იანვრის ჩათვლით.
“ელექტროენერგიის მომხმარებელთა ნაწილის მოთხოვნით, რომლებზეც ვრცელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სხვაობის სუბსიდირებაზე, თუმცა მათ სურთ, სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ შეღავათით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) უარის თქმის პლატფორმა აამოქმედა.
ელექტროენერგიის მომხმარებლებს გადაწყვეტილების დაფიქსირება სემეკის ვებგვერდზე https://gnerc.org/ge/covid19-1 შეუძლიათ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
“შეგახსენებთ, რომ სხვა მოქმედ სუბსიდირების პროგრამებთან ერთად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, ელექტროენერგიის მომხმარებლების 95%-ს, რომლებიც მოიხმარენ 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას, 2021 წლის განმავლობაში დაეფარებათ ძველ ტარიფსა და მოქმედ ტარიფს შორის სხვაობა.
მთავრობის გადაწყვეტილებით ტარიფებს შორის სხვაობის 50%-იანი სუბსიდირება შეეხება საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს (გარდა სასმელის მწარმოებლებისა).
პლატფორმაზე საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს. უარის დაფიქსირება იანვარის სუბსიდირებაზე შესაძლებელია 31 იანვრის ჩათვლით.
პლატფორმაზე რამდენიმე ველის შევსების შემდეგ, ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისათვის იგზავნება ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიაში. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული სუბსიდირება 2021 წლის განმავლობაში იმოქმედებს, მოქალაქეებს შეუძლიათ შეღავათზე უარი დააფიქსირონ როგორც თითოეულ თვეზე ცალ-ცალკე, ასევე ერთიანად 12 თვეზე - 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით.
ამასთანავე, სემეკის ვებგვერდზე 2020 წლის მარტიდან მოქმედებს კომუნალურ სუბსიდირებაზე უარის თქმის პლატფორმა (https://gnerc.org/ge/covid-19), რომელიც ასევე მოქალაქეთა მოთხოვნით შეიქმნა. დღემდე, აღნიშნული პლატფორმის საშუალებით, სოლიდარობის ნიშნად 200 კვტ.სთ-ს ჩათვლით ელექტროენერგიის, ხოლო 200 მ3-ის ჩათვლით ბუნებრივი გაზის მოხმარებისას, სოლიდარობის ნიშნად შეღავათით სარგებლობაზე უარი 10 ათასზე მეტმა მოქალაქემ განაცხადა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.