მედია - ბრიტანეთის მთავრობა საზღვრების სრულ ჩაკეტვას განიხილავს

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა, კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტების გავრცელების პრევენციის მიზნით, საზღვრების სრული ჩაკეტვის საკითხს განიხილავს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის გარემოსა დაცვის მინისტრმა ჯორჯ ეუსტისმა განაცხადა.

„ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ. ამ ეტაპზე შეშფოთება არსებობს მუტირებული შტამების რაოდენობისა და იმ რისკის გამო, რომ შესაძლოა, ერთ დღეს გაჩნდეს შტამი, რომელიც ვაქცინას არ დაემორჩილება,“- განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე არ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მთავრობა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ, თვითიზოლაციაში გადასვლის სტიმულირების მიზნით 500 ევროს გადახდას გეგმავს.

ცნობისათვის, გაერთიანებულ სამეფოში, პანდემიის გავრცელების დროიდან, კორონავირუსის 3 543 646 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 94 000-ს აჭარბებს.