მიხეილ ჩხენკელი განმარტავს, რომელ ქალაქში როდიდან განახლდება სკოლებში სასწავლო პროცესი

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 1-ელი თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის გარდა, სკოლები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში გააგრძელებენ.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 1-ლი მარტიდან გაგრძელდება.

„მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, 1-ელი თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის გარდა, სკოლები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. რაც შეეხება თბილისს, რუსთავს და ქუთაისს, ჩვენი გეგმის მიხედვით, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 1-ელი მარტიდან გაგრძელდება.

15 თებერვალს მოხდება ეპიდსიტუაციის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე იქნება ჩამოსული, შემდგომი შემსუბუქების პროცედურები დაიწყება. ყველას გვინდა, რომ ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი ბუნებრივ გარემოში იყოს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ასე მოხდეს. რაც შეეხება ბაღებს, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებს, მოქმედი რეგულაციები 1-ელ მარტამდე ნარჩუნდება“, - განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, მასწავლებლების ტესტირება ყოველ ორ კვირაში ერთხელ მოხდება და სასწავლო დაწესებულებებში შესაბამისი პროტოკოლების დაცვის საკითხი უმაღლეს დონეზე იქნება დაყენებული.