„გამომდინარე იქიდან, რომ 1-ლი თებერვლიდან დაანონსებული გახსნები ძალაში შევა, ჯანდაცვის სისტემა სრულად მობილიზებული დარჩება როგორც ტესტირების, ასევე საწოლფონდის და პირველადი ჯანდაცვის ნაწილში იმისთვის, რომ თუ ოდნავ მაინც რისკები გაიზარდა, პასუხი იყოს შესაბამისი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გაბუნიას თქმით, ეპიდვითარება უმჯობესდება და შესაბამისად, ჯანდაცვის სექტორზე დაწოლა შემსუბუქებულია.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით 3435 თავისუფალი საწოლია.
„დღეს დილის მონაცემებით 3386 კოვიდპაციენტი იტარებს მკურნალობას, მათ შორის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 726 პაციენტი და რეანიმაციაში 217 პაციენტი. თავისუფალი საწოლები ამ დროისთვის გახლავთ 3 435. გამომდინარე იქიდან, რომ ეპიდვითარება უმჯობესდება, ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა არის შედარებით შემსუბუქებული. გარკვეული საწოლების დემობილიზაციის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებს გაუგზავნა. სადღაც 400-მდე საწოლი გამოეთიშება კოვიდის პროგრამას 1-ლი თებერვლიდან და დაბრუნდება ჩვეულ საქმიანობას, ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება, იქიდან გამომდინარე, თუ რა საჭიროება იქნება სისტემაში. იგივე შემიძლია ვთქვა კოვიდსასტუმროებთან დაკავშირებით. ამ ეტაპისთვის კოვიდსასტუმროებში 479 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, აქედან 175 არის აჭარაში. კოვიდსასტუმეროების მობილიზაციის სქემაც გაგრძელდება იმის მიხევდით, თუ რა საჭიროება გვექნება“, - განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის,უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება. 1-ლი თებერვლიდან ასევე გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები.