ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი მთავრობის გეგმა, თუ როგორ შემსუბუქდება სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლის რეჟიმი.
როგორც თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ უახლოეს პერიოდში, გაზაფხულის სეზონზე ყველა წესის დაცვით უფრო დიდი რაოდენობით ტურისტებს ვუმასპინძლებთ.
„ასევე, ამის პარალელურად ჩვენ ვმსჯელობთ და იმ კვირაში უკვე ჩამოვყალიბდებით იმაზეც, თუ როგორ შევამსუბუქოთ ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორისთვის იმიტომ, რომ ეს არის ორი ურთიერთკავშირში მყოფი გარემოება. მოგეხსენებათ, რომ დღესაც არის რეგულარული ფრენები გარკვეული მიმართულებებით დაშვებული, მაგრამ იმის გამო, რომ არის მეორე ტალღა, არის გარკვეული შეზღუდვები ამა თუ იმ ქვეყანაში ვიზიტორების შესვლაზე, ავიაკომპანიები აქტიურად არ ითვისებენ თავიან მინიჭებულ სიხშირეებს და არ ასრულებენ იმდენ ფრენას, რამდენიც მათ კომერციულად ენდომებოდათ. აქედან გამომდინარე, ერთია, რომ ჩვენ ვაუქმებთ ნოტამს, ვუშვებთ რეგულარულ ფრენებს ყველა მიმართულებით და მეორე ის, რომ ვმუშაობთ და უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ, თუ რა სიახლეები გვექნება საქართველოში უცხოელი ვიზიტორების შემოსვლასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ აქამდეც მოქმედებდა ბიზნევიზიტორების პლატფორმა, გარკვეული ქვეყნების ჯგუფები, მათ შორის, ნაცვალგების ქვეყნები, საიდანაც მარტივი იყო შემოსვლა. ახლა ჩვენ ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მსოფლიოში თანდათან ტემპს იკრებს ვაქცინაცია, მათ შორის არიან ისეთი ქვეყნები, რომელიც ჩვენთვის, ტურისტულად მეტად მიმზიდველია, მაგალითად, ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველით, რომ უახლოეს პერიოდში, გაზაფხულის სეზონზე ყველა წესის დაცვით ვუმასპინძლოთ უსაფრთხოდ უფრო დიდი რაოდენობით ტურისტებს. ეს არის ნამდვილად კარგი და დადებითი სიახლე. შემდეგ კვირაში დიდი ალბათობით, გვექნება შეხვედრა ტუროპერატორებთან, ტურისტულ კომპანიებთან, თუ როგორ მოემზადონ ეს კომპანიები, რომ ეს ახალი გარემოება ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენონ“, - განაცხადა თურნავამ.