1-ლი მარტიდან გახსნას აზრი აღარ ექნება, რადგან ბიზნესი ამ დროს უკვე აღარ იარსებებს - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მოქმედებები აბსოლუტურად ალოგიკურია.
,,ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ. დღეს გაირკვა, რომ ამაზე მსჯელობენ და დღეიდან ეს ჩემთვის მავნებლების საბჭოა და მხოლოდ ასე მოვიხსენიებ.
ჩვენ შევთავაზეთ გახსნის გეგმა, თუ როგორ დავიცავდით რეგულაციებს უმკაცრესად, თუმცა ლოგიკა და მათი მოქმედებები კორელაციაში არ მოდის. ამიტომ, მათი მხრიდან არ ყოფილა არავითარი საპირწონე არგუმენტი, თუ რატომ არ შეიძლება გახსნა თბილისში და შეიძლება ბათუმში, ან სხვა ნებისმიერ დეტალზე.
1-ლი მარტიდან ვეღარავინ ვეღარ გაიხსნება, იმიტომ, რომ აღარ იარსებებს რესტორნები. ასეთია დღეს ბიზნესის მდგომარეობა საქართველოში. ვინმემ ჰკითხა სამთო კურორტებს, 1-ლი მარტიდან სჭირდებათ თუ არა საერთოდ გახსნა, როცა სეზონი გადავლილია? მივიდნენ სასაფლაოზე და შესთავაზონ მკვდრებს თუნდაც უზრუნველი ცხოვრება, რამდენი მათგანი დასთანხმდება?“-აცხადებს გაბრიჩიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ინფორმაციისთვის, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება - შეზღუდული რჩება ქორწილები ან სხვა დიდი წვეულებების გადახდა/აღნიშვნა; სხვა რეგიონებში კვების ობიექტები აგრძელებენ მუშაობას ისე, როგორც დღეს, ანუ გატანის სერვისზე.